ახალი ამბები

გერმანიის მთავრობის დახმარებით დევნილებისთვის სახლები აშენდება

25 ოქტომბერი, 2011 • • 924
გერმანიის მთავრობის დახმარებით დევნილებისთვის სახლები აშენდება

დღეს, 25 ოქტომბერს, ხელი მოეწერა შეთანხმებას “საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ”. შეთანხმების თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მთავრობას გრანტის სახით 4 მლნ ევროს გამოუყოფს, რომელიც დასავლეთ საქართველოში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე დაიხარჯება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს.

“მიმდინარე წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად გერმანიის მთავრობის დახმარებით დასავლეთ საქართველოში საცხოვრებელ ბინას 300 -ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს. გერმანიის მთავრობის დაფინანსებით დევნილთა არაერთი საცხოვრებელი ობიექტი გარემონტდა. დასრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები წყალტუბოში, რეაბილიტაცია გრძელდება ფოთსა და ქუთაისში. მათი დასრულების შემდეგ კიდევ 160-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი თანამედროვე, კომფორტულ სახლში იცხოვრებს.

როგორც მინისტრმა კობა სუბელიანმა აღნიშნა, ეს ყველაფერი შესრულებული სამუშაოების შედეგია. მისივე თქმით, დონორები ხედავენ და აფასებენ, რომ დევნილებისთვის გამოყოფილი თითოეული ევრო მიზანმიმართულად იხარჯება და იმ საქმეს ხმარდება, რისთვისაც გამოიყო,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი