ახალი ამბები

133 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

30 აპრილი, 2016 • 1937
133 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველი სამშვიდობოების კიდევ ერთი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა.

სამინისტროს ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 133 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში 7 თვის განმავლობაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში წარმატებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას.

სამხედროებს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და II ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე დახვდნენ.

“დღეს, 22-ე ბატალიონის 133 მეომარი მშვიდობიანად დაბრუნდა ავღანეთიდან. ვულოცავ მათ და მათ ოჯახებს. ასევე ვულოცავ მთელ თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცების მშვიდობიანად დაბრუნებას და მისიის წარმატებით შესრულებას,” – განაცხადა დავით ებრალიძემ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედროებმა “მტკიცე მხარდაჭერის” მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულეს. სამინისტროს ინფორმაციით, ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. მათი ცნობით, რამდენიმე კვირაში 22-ე ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი