შსს ივანიშვილის წარმომადგენლის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსკოველ წარმომადგენელს ვალერი ლევინს 22 ოქტომბერს საზღვრის გადმოკვეთისას აღმოაჩნდა “უჩვეულო მინერალები და ბეჭდური მასალა”, ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ეს მინერალები ჯანმრთელობისთვის საშიში არ იყო და ის “მომავლის განჭვრეტისთვის” გამოიყენებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსკოველ წარმომადგენელს ვალერი ლევინს 22 ოქტომბერს საზღვრის გადმოკვეთისას აღმოაჩნდა “უჩვეულო მინერალები და ბეჭდური მასალა”, ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ეს მინერალები ჯანმრთელობისთვის საშიში არ იყო და ის “მომავლის განჭვრეტისთვის” გამოიყენებოდა.

ივანიშვილის მოსკოველი წარმომადგენელი ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22 ოქტომბერს დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ნეტგაზეთი ეცადა, დაკავშირებოდა შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს, შსს–ს პრესსამსახურის ხელმძრვანელს ზურაბ გვენეტაძეს და შსს–ს ადმინისტრაციის უფროსს შოთა ხიზანიშვილს, თუმცა გარკვეული დროის მანძილზე ისინი მობილურ ტელეფონს არ პასუხობდნენ. შსს–ს პრესსამსახურის ქალაქის ნომერზე კი ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ზურა[გვენეტაძე] გასულია და ისინი ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

დღეს, 24 ოქტომბერს კი, საკითხთან დაკავშირებით შსს–მ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია: “24 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 22 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვალერი ლევინს, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, აღმოაჩნდა უჩვეულო მინერალები და ბეჭდური მასალა. ლევინის განცხადებით, მოცემული მინერალები და ლიტერატურა ოკულტური დანიშნულების იყო და მომავლის განჭვრეტისათვის გამოიყენებოდა. აღნიშნული მინერალები გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ჩატარებულმა ექსპერტიზამ ცხადყო, რომ მოცემული მინერალები ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ოკულტური მინერალები და ლიტერატურა ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდა.”

შსს–ს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, იყო თუ არა ვალერი ლევინის დაკავების მიზეზი აღნიშნული მინერალები.

ვალერი ლევინის ადვოკატის, შალვა თადუმაძის თქმით,გამომძიებელმა მას უთხრა, თითქოს ქართველ სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ლევინს რუსეთიდან რადიოაქტიური ნივთიერება შემოჰქონდა. თადუმაძის თქმით, ლევინს ჩხრეკისას კრისტალური ქვები აღმოაჩნდა, რომელიც ერთ–ერთ რუსულ ჟურნალს მოჰყვება და რომელსაც ივანშვილის 14 წლის შვილი აგროვებს.

ბიძინა ივანიშვილმა ვალერი ლევინის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ვალერი ლევინს გამოძიების დასრულებამდე ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს დატოვება აუკრძალეს.

ბიზნესმენის პრესსამდივნოს ცნობით, ვალერი ლევინს საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს. პირადობის მოწმობა, რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა საგადასახადო ორგანოდან და საცხოვრებელი ადგილიდან ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს ბიზნესმენისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურისთვის სჭირდებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი