ახალი ამბები

პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართება

24 ოქტომბერი, 2011 • • 920
პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართება
საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, 27 ოქტომბერს სამთავრობო საათი გაიმართება. მინისტრთა კაბინეტის წევრები ანგარიშს დეპუტატებს წარუდგენენ.

ამის შესახებ დღეს, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრმა და პარტია ”ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.

მისი თქმით, კანონმდებლები მთავრობის წარმომადგენლებს სოციალურ, ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დაუსვამენ შეკითხვებს.

”ხუთშაბათს ჩვენი ინციატივით შედგება სამთავრობო საათი, ძალიან მწვავე დებატები ჩვენსა და მთავრობას შორის. მოწვეული არიან: ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა, ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი. გამოვყოფდი რამდენიმე ძალიან მწვავე საკითხს, რომელიც შეეხება პენსიების ზრდას, ასევე განიხილება ე.წ ოვერდრაფტის საკითხი, მაშინ, როდესაც მაღალ  პროცენტებს წინასწარ აღებულ პენსიაზე პენსიონერებს უქვითავენ. ასევე განიხილება განთლების რეფორმის დროს მიმდინარე ძალიან უხეში კანონდარღვევები; ნეპოტიზმი, პროტექციონიზმი და ა.შ. დებატები იქნება მწვავე. ვნახოთ, როგორი მომზადებული მოვა მთავრობა,” – განაცხადა ბაღათურიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი დადებითად აფასებს პარლამენტის წინაშე მთავრობის წარდგენას და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიას.

”მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ პარლამენტში მოვიდეს და იყოს კამათი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც პარლამენტარებსა და საზოგადოებას აინტერესებთ,” – აღნიშნავს წერეთელი.

მთავრობის საპარლამენტო მდივანის  გია ხუროშვილის განცხადებით, ხვალ დაზუსტდება მთავრობის წევრთა პარლამენტში მისვლის საკითხი.  

მოსახლეობას  რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ პარლამენტთან ურთიერთთანამშრომლობის ნებისმიერ ფორმას. კონსულტაციები გაგრძელდება. დღეს დამატებით დავაზუსტებთ მინისტრების მოსვლის საკითხს და ხვალ, სხდომის დაწყებამდე, მოვახსენებ პარლამენტს სამთავრობო საათის შესახებ,” – განაცხადა ხუროშვილმა.

პარლამენტში მთავრობის წევრების მოწვევის საკითხს რეგლამენტი არეგულირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი