ახალი ამბები

ვალერი ლევინის დაკავების ოფიციალური მიზეზი უცნობია

24 ოქტომბერი, 2011 • • 1188
ვალერი ლევინის დაკავების ოფიციალური მიზეზი უცნობია

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელ ვალერი ლევინის რამდენიმე საათით დაკავების ოფიციალური მიზეზი  ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, ლევინის ადვოკატის თქმით, ის რადიოაქტიური ნივთიერების შემოტანასთან დაკავშირებით დააკავეს. 

ივანიშვილის მოსკოველი წარმომადგენელი ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22 ოქტომბერს დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ნეტგაზეთი ეცადა დაკავშირებოდა შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს, შსს–ს პრესსამსახურის ხელმძრვანელს ზურაბ გვენეტაძეს და შსს–ს ადმინისტრაციის უფროსს შოთა ხიზანიშვილს, თუმცა გარკვეული დროის მანძილზე ისინი მობილურ ტელეფონს არ პასუხობდნენ. შსს–ს პრესსამსახურის ქალაქის ნომერზე კი ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ზურა[გვენეტაძე] გასულია და ისინი ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ვალერი ლევინის ადვოკატის, შალვა თადუმაძის თქმით, გამომძიებელმა მას უთხრა, თითქოს ქართველ სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ლევინს რუსეთიდან რადიოაქტიური ნივთიერება შემოჰქონდა. თადუმაძის თქმით, ლევინს ჩხრეკისას კრისტალური ქვები აღმოაჩნდა, რომელიც ერთ–ერთ რუსულ ჟურნალს მოჰყვება და რომელსაც ივანშვილის 14 წლის შვილი აგროვებს. ადვოკატის თქმით, მინერალები ექსპერტიზაზეა გაგზავნილი და მისი პასუხი ორ კვირაში იქნება.

ბიძინა ივანიშვილმა ვალერი ლევინის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ვალერი ლევინს გამოძიების დასრულებამდე ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს დატოვება აუკრძალეს.

ბიზნესმენის პრესსამდივნოს ცნობით, ვალერი ლევინს საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს. პირადობის მოწმობა, რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა საგადასახადო ორგანოდან და საცხოვრებელი ადგილიდან ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს ბიზნესმენისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურისთვის სჭირდებოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი