ახალი ამბები

საქართველოს ანტიკორუფციული სისტემის ანალიზი

24 ოქტომბერი, 2011 • • 1085
საქართველოს ანტიკორუფციული სისტემის ანალიზი

დღეს, 24 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია «საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ» საქართველოს ანტიკორუფციული სისტემის ანალიზი წარმოადგინა. კვლევის მიხედვით, საქართველოს ანტიკორუფციული სისტემის ყველაზე სუსტი რგოლებია– მედია, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება, რის გამოც კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება თანამდებობრივი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.

კვლევაში წერია, რომ საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემა აღმასრულებელი შტოს დომინირებითა და სისტემის სხვა ძირითადი ინსტიტუტების შედარებითი სისუსტით ხასიათდება. აღმასრულებელი შტო და სამართალდამცავი უწყებები სხვა საყრდენ ინსტიტუტებზე გაცილებით ძლიერები არიან, თუმცა, შიდა მართვის მაჩვენებლების მიხედვით (გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და კეთილსინდისიერება), მათ საშუალო პოზიციები უჭირავთ.

«საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში» მიაჩნიათ, რომ აღმასრულებელი შტო და სამართალდამცავი უწყებები რესურსებით კარგად არიან უზრუნველყოფილნი და ეროვნულ ანტიკორუფციულ სისტემაში მათთვის განსაზღვრულ როლებს, ზოგადად, კარგად ასრულებენ. ამის მიუხედავად, სხვა ინსტიტუტების შედარებითი სისუსტის გამო პრაქტიკაში უზრუნველყოფილი არ არის ამ ორი ინსტიტუტის ანგარიშვალდებულება.

არასამთავრობო ორგანზიაციის დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში ხაზგასმულია საკანონმდებლო ორგანოსა და სასამართლო ხელისუფლების სისუსტეები აღმასრულებელ შტოსთან დაკავშირებით.

საქართველოს სამთავრობო უწყებების უმრავლესობის მსგავსად, პარლამენტი და სასამართლო საკმარის დაფინანსებას იღებენ ბიუჯეტიდან და მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები განახორციელეს, როგორც კანონის, ისე პრაქტიკის თვალსაზრისით. ამის მიუხედავად, ისინი კვლავ არასაკმარისად დამოუკიდებელნი არიან და აღმასრულებელ შტოზე ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ფუნქციის ეფექტიანად შესრულება არ შეუძლიათ. ეს ასუსტებს ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მთელ მექანიზმს ქვეყნის მმარველობის სისტემაში.

კვლევაში დადებითად არის შეფასებული 2004 წლის შემდეგ საჯარო სამსახურში განხორციელებული რადიკალური რეფორმები, რის შედეგადაც ქრთამის აღების პრაქტიკა პრაქტიკულად აღმოიფხვრა. თუმცა, იქვე წერია, რომ მთავრობამ საჯარო სამსახურში საერთო სტრატეგიის შემუშავება ჯერ ვერ მოახერხა. გარდა ამისა, მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს მოქნილობას ადამიანური რესურსების მართვაში და არა საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებლობას. ამის შედეგად, სამთავრობო უწყებებში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლას ხშირად პერსონალის მნიშვნელოვანი გადახალისება მოჰყვება ხოლმე, რაც იმგვარი ინსტიტუციური კულტურის შექმნის სტიმულირებას ახდენს, სადაც პროფესიონალიზმზე მეტად ერთგულება ფასდება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პოზიტიურად აქვს შეფასებული კონტროლის პალატაში განხორციელებული ცვლილებები 2008 წლის შემდგომ. ამის მიუხედავად, მკვლევართათვის კვლავ არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა პალატას საკმარისი შესაძლებლობები ყველა ტიპის აუდიტის ეფექტიანად ჩასატარებლად.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევებს დიდწილად წარმატებით აღრიცხავს. ამის მიუხედავად, სახალხო დამცველი გარკვეული პრობლემების წინაშე დგას რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ხოლო სხვა სამთავრობო უწყებები მას გამოძიების წარმოებაში ყოველთვის არ ეხმარებიან და მის რეკომენდაციებზე ყოველთვის არ რეაგირებენ.

საქართველოს ანტიკორუფციული სისტემის 2011 წლის ანალიზში წერია, რომ საქართველოში გამართულად მოქმედი მრავალპარტიული სისტემა არ არსებობს. მმართველი პარტია– ნაციონალური მძრაობა, გარდა იმისა, რომ საქართველოს ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში დიდი უმრავლეობით აირჩიეს, ასევე აკონტროლებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა სხვა ორგანოს, სხვა პოლიტიკური პარტიები კი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მნიშვნელოვან როლს არ ასრულებენ მმართველობის არც ერთ დონეზე. რადგანაც ქართულ პარტიებში (მათ შორის, მმართველ პარტიაში) გადაწყვეტილებების მიღების დემოკრატიული პროცესი არ არსებობს, ზემოხსენებული ვითარება გულისხმობს, რომ თითქმის მთელი პოლიტიკური ძალაუფლება პრეზიდენტისა და მისი გუნდის რამდენიმე ძირითადი წევრის ხელშია კონცენტრირებული. პოლიტიკური პარტიების სისუსტე გამოწვეულია, როგორც მათი შიდა ნაკლოვანებებით, ისე კონკურენციის თანაბარი პირობების არარსებობით, განსაკუთრებით ფინანსური სახსრებისა და მედიის ხელმისაწვდომობის მხრივ. ვინაიდან მმართველი პარტია და საჯარო სამსახური პრაქტიკაში ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნულნი არ არის, მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსებით ფაქტობრივად შეუზღუდავად სარგებლობს არჩევნების დროს.

«საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ» თავის კვლევაში ასევე შეაფასა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანიბა. კვლევის მიხედვით, ამ უწყებამ მუშაობა ბოლო წლებში გააუმჯობესა, მაგრამ საარჩევნო პროცესის ზოგი ასპექტის სათანადოდ მართვას ჯერაც ვერ ახერხებს. ეს ასპექტებია ხმების დათვლა და შეჯამება, ასევე არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა. ამავე დროს, საარჩევნო ადმინისტრაციას არ გააჩნია სათანადო უფლებამოსილებები საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მონიტორინგისა და რეგულირების სფეროში.

კვლევის მიხედვით, მედია და სამოქალაქო საზოგადოება არასათანადოდ ფუნქციონირებს საქართველოში. ძირითადი მედია–ერთეულების უმეტესობა სარედაქციო დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხით ხასიათდება და, შესაბამისად, პოლიტიკური საკითხების შესახებ საზოგადოების მიუკერძოებლად ინფორმირების უნარი არ შესწევს.

«საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო» ხელისუფლებას არსებული პრობლემების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციებსაც სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, მმართველობის მთელ სისტემაში კეთილსინდისიერების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოსა და სასამართლო ხელისუფლების გაძლიერება. ამ მიზნის მისაღწევად ასევე უნდა დაიძლიოს არასახელმწიფო საყრდენი ინსტიტუტების ნაკლოვანებები.

ორგანიზაციაში ასევე მიაჩნიათ, რომ საწყის ეპატზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებების აღმოფხვრა და პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა არჩევნების დროს.

«საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს» დასკვნით, ძალზე მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ არსებული ანტიკორუფციული კანონები (მათ შორის, ის დებულებები, რომლებიც ინტერესთა შეუთავსებლობას, ქონების დეკლარირებას და ა.შ. ეხება) პრაქტიკაში სრულყოფილად და თანმიმდევრულად იქნას გამოყენებული და ყველა მნიშვნელოვან საჯარო უწყებასა და თანამდებობის პირზე გავრცელდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი