ახალი ამბები

თურქეთში მიწისძვრით დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა

24 ოქტომბერი, 2011 • • 997
თურქეთში მიწისძვრით დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პროვინცია ვანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქულ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო ”როიტერი” ავრცელებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ქალაქ ვანში 10 შენობა დაინგრა, რის შედეგადაც 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქალაქ ერკისში, რომელიც ვანიდან, 60 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს,  დაღუპულთა რაოდენობამ 117 შეადგინა, დაახლოებით 2 000-მდე ადამიანი კი დაშავდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ჩავიდა პროვინცია ვანში, სადაც მდებარეობს ქალაქი ტაბანლი, რომელიც 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

თურქეთს დახმარებისთვის მზდყოფნა გამოუცხადეს: ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა, ჩინეთმა, იაპონიამ, აზერბაიჯანმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა. სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი პირადად ესაუბრა ტელეფონით თურქ კოლეგას აბდულა გიულის  და სამძიმარი გამოუცხადა.

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც მოგვიანებით 100-მდე მცირე ბიძგი მოჰყვა.

მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა პროვინცია ვანში 1976 წელსაც მოხდა, მაშინ 5 000-მდე ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი