ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: ,,ასეთი ქართველები მართლაც საუკუნეში ერთხელ იბადებიან’’

21 ოქტომბერი, 2011 • • 1081
მიხეილ სააკაშვილი:  ,,ასეთი ქართველები მართლაც საუკუნეში ერთხელ იბადებიან’’

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის სახლში მივიდა და მსახიობის ოჯახს მიუსამძიმრა.

,,რამაზ ჩხიკვაძე იყო მართლაც ძლიერი მსახიობი, ქართულ სცენაზე  მსგავსი მასშტაბის სახეებიდან, ალბათ, ხორავას, ვასაძეს, ზაქარიაძეს თუ გავიხსენებთ, მაგრამ მე მათ არ მოვსწრებივარ…  იმ ადამიანების მეხსიერებაში კი, ვინც ჩემი ასაკის ან უფრო ახალგაზრდაა, ბატონი რამაზი იყო ყველაზე დიდი და ნამდვილად გენიალური მსახიობი და ასეც დარჩება ჩვენს  მეხსიერებაში. რამაზ ჩხიკვაძე ძალიან მოკრძალებული ადამიანიც იყო. მახსოვს, 2-3 წლის წინ დაველაპარაკეთ მას და ვკითხეთ, როგორ დავხმარებოდით მატერიალურად და ძალიან მოკრძალებით  გვიპასუხა, რომ ჩემზე გაჭირვებული ადამიანები არსებობენ და  პრინციპში მე არაფერი არ მჭირდება და ვინც უფრო გაჭირვებულია  ჩვენ გარშემო, მათ დაეხმარეთო. ძნელია, როცა ასეთი განსაკუთრებული სიცოცხლე წყდება, საუბარი ბედნიერებაზე, მაგრამ ამ ბოლო დღეებში  ჩემთვის ხშირად მიფიქრია, რომ რამაზ ჩხიკვაძე ძალიან ბედნიერი იყო და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა, რადგან  მას მთელი სიცოცხლის მანძილზე თან ახლდა ხალხის უპირებო სიყვარული. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თავად ჩვენ ვიყავით ბედნიერები, ისინი, ვისაც ბატონი რამაზი უნახავს, არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ცხოვრებაში, ურთიერთობაში. ვისაც ახსოვს მისი გაბრწყინებული თვალები, მისი წარმოუდგენელი სიცოცხლის სიყვარული, ოპტიმიზმი და იუმორი. ასეთი ქართველები მართლაც საუკუნეში ერთხელ იბადებიან… რა თქმა უნდა, ეს არის დიდი დანაკარგი’’- განაცხადა პრეზიდენტმა.

რამაზ ჩხიკვაძეს დღეს რუსთაველის თეატრში გადაასვენებენ. ხვალ კი, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, მსახიობს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, 18 ოქტომბერს მძიმე ავადმყოფობის შედეგად მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი