ახალი ამბები

ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი უშედეგო რაუნდი

21 ოქტომბერი, 2011 • • 1051
ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი უშედეგო რაუნდი
ჟენევაში რუსეთის მსო–ში გაწევრიანებაზე შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი წარუმატებელი აღმოჩნდა.

ქართულმა დელეგაციამ, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჟენევის ეს შეხვედრა,  წინა რაუნდების მსგავსად, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის საზღვრის გასწვრივ ვაჭრობის გამჭვირვალობა და საერთაშორისო მონიტორინგის წარმოება, – ეს ის საკითხებია, რომლებსაც ქართული მხარე რუსეთს მსო-ში გაწევრიანების მთავარ პირობად უყენებს.  

თუმცა, რამდენად შედის რუსეთის გეგმებში წლის ბოლომდე მსო-ში გაწევრიანება იმ ფონზე, როდესაც იგი საქართველოს მოთხოვნას რუსეთ-საქართველოს საზღვრის -აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის– მონაკვეთებზე საერთაშორისო მონიტორინგისა და ”სრული გამჭვირვალობის” უზრუნველყოფის საკითხების შესახებ არ ითვალისწინებს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით დარჩიაშვილს უჭირს ამ მიმართულიებით რუსეთის გეგმის გამოცნობა და აღნიშნავს, რომ საქართველო ყველანაირად შეეცდება დაიცვას საკუთარი პოზიცია რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.

” როდის დაიწყებენ რუსები საკუთარი საქციელის გამოსწორებას, ამის წინასწარმეტყველება მე არ მძალუძს. საქართველოს ერთადერთი სწორი არჩევანია, რომ ორ საკითხს, ორ პრინციპს დაეყრდნოს თავის მიდგომაში. ეს არის საერთაშორისო სამართალი ზოგადად და კონკრეტულად კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდება. ხოლო რუსეთის ინტერესებში ამდაგვარი ხისტი პოლიტიკა თუ შედის, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის პოზიციაა თავად არაადეკვატური,” – აღნიშნავს დარჩიაშვილი.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის პრეზიდენტის ალექსანდრე რონდელის შეფასებით, რუსეთმა საკუთარი ხისტი პოლიტიკა გვერდზე უნდა გადადოს და საქართველოსთან გარკვეულ დათმობაზე წავიდეს.   

”დასავლეთს და, შესაბამისად, რუსეთსაც სურს, რომ დეკემბრის სამიტისთვის ყველა არსებული ბარიერი როგორმე მოიცილოს. პრაქტიკულად, რუსეთმა მსო-ში გაწევრიანებისთვის ყველა სიძნელე დასძლია, ამ ეტაპზე რეალური, რაც მის გაწევრიანებას აფერხებს, საქართველოს საკითხია. უნდა ითქვას, რომ საქართველომ მოლაპარაკებათა რაუნდებს შორის საკუთარი პოზიცია შეარბილა, მოლაპარაკებების დასაწყისში იყო მოთხოვნა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის– აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის– მონაკვეთებზე ქართველი მებაჟეები ყოფილიყვნენ. მერე გარკვეულ  კომპრომისზე წავედით  და მოვითხოვეთ, რომ აღნიშნულ ადგილებში საერთაშორისო დამკვირვებლები ან სხვა მექანიზმები ყოფილიყო. მაგრამ რუსეთი ვირზე რომ შეჯდა, იქიდან აღარ ჩამოსულა. თუმცა ყოველთვის შეიძლება გარკვეული კომპრომისის მონახვა და ამისთვის მოწადინებულია ყველა, მათ შორის საქართველოც. საბოლოო ჯამში ჩვენ გვაწყობს რუსეთის მსო-ში ყოფნა, იმიტომ, რომ  ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ რუსეთი ვაჭრობაშიც და პოლიტიკურ საკითხებშიც უფრო ცივილიზებულად მოიქცევა, რაც ნებისმიერი მეზობლისთვის შეღავათი იქნება. იგი ვალდებული იქნება, ორგანიზაციის ნორმებს დაემორჩილოს. მაგრამ ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს და მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ითხოვს რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერზე დავთანხმდეთ რუსებს,” – ”ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა რონდელმა.   

ესპერტის შეფასებით, რუსეთი იმედს მაინც არ კარგავს, რომ წლის ბოლოს მსო-ს წევრი გახდება.

”რუსებს მაინც  აქვთ იმედი, რომ ბოლო სხდომაზე მიაღწევენ შედეგს. მედიატორი შვეიცარიაა, რომელსაც ძალიან გამოცდილი დიპლომატები ჰყავს. შეიძლება მათ ისეთი რამ მოიგონონ, რითაც კომპრომისი შესაძლებელი გახდება. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, საქართველოს თავის პრინციპული პოზიცია უკავია. ვერ ვიტყოდი, რომ სიჯიუტე და სიხისტეა ჩვენი მხრიდან, მაგრამ დიდმა ქვეყანამაც რაღაც კომპრომისის გზა უნდა გამონახოს,” – აღნიშნავს რონდელი.

20 ოქტომბრის მოლაპარაკებებზე მხოლოდ ის გადაწყდა, რომ მომავალ კვირას, კერძოდ,  26-27 ოქტომბერს, აღნიშნულ საკითხზე მორიგი რაუნდი გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი