ახალი ამბები

“მგზავრობის ღირებულების გაზრდა არ იგეგმება”

21 ოქტომბერი, 2011 • 990
“მგზავრობის ღირებულების გაზრდა არ იგეგმება”

“მგზავრობის ღირებულების გაზრდა არ იგეგმება. შეხვედრები მქონდა როგორც კომპანიის ხელმძღვანელებთან, ასევე შევხვდი ტრანსპორტის სამსახურის უფროსს აკაკი ჯოხაძეს. ორივე მხარემ ეს ცალსახად დააფიქსირა. მე მათ მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქში დადის ასეთი ხმები, მათ კი კატეგორიულად უარყვეს ეს ინფორმაცია. ეს ეხებოდა როგორც მუნიციპალურ, ასევე კერძო ტრანსპორტს.” – განუცხადა ნეტგაზეთს პროფკავშირის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლავრენტი ალანიამ.

ბოლო რამდენიმე დღეა მძღოლები და მგზავრები სამარშრუტო ტაქსების გაძვირებაზე საუბრობენ.

სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი, ქალაქის ხაზებზე მოქმედი სამარშუტო ტაქსების მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით,   გადასახადი კიდევ 20 თეთრით იზრდება, თუმცა ზუსტ ინფორმაციის წყაროს ვერ ასახელებენ. მძღოლების თქმით, სამარშრუტო ტაქსების გაძვირება ნოემბრიდან ან იანვრიდან იგეგმება.

“დღეს დილიდან გავიგე, რომ “მარშრუტკები” ისევ ძვირდება, ამისი ინიციატორები მძღოლები არ ვართ, თუმცა, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. მე პირადად დილით ერთ–ერთი მგზავრისგან მოვისმინე” – აცხადებს ერთ–ერთი ახალი, ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლი. იგივეს იმეორებს #221 სამარშრუტო ტაქსის მძღოლიც, “როგორც გავიგე, გაძვირება ქალაქის “მარშრუტკებს” შეეხებათ, იმასაც ამბობენ, შედარებით დიდ მანძილზე ფასი1.20 ლარი გახდებაო, მაგრამ ამ ყველაფერს ერთმანეთისგან ვიგებთ, ჩვენთან ოფიციალურად არავინ მოსულა და ამის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია”.

ნინა ბერკოვსკაიამ სამარშრუტო ტაქსების გაძვირების ამბავი სხვა მგზავრებისგან გაიგო: “მე, რაც გაძვირდა, იმის შემდეგ თითქმის ყოველთვის ავტობუსით ვმგზავრობ, მაგრამ ხანდახან მაინც მიწევს “მარშრუტკაში” ჩაჯდომა, კიდევ თუ გაძვირდება ალბათ საერთოდ აღარ ავალ. სანამ 80 თეთრი გახდებოდა,  მანამდეც ამბობდნენ არ გაძვირდებაო, მაგრამ გააძვირეს. იმედია, ავტობუსების და მეტროს ფასი მაინც იგივე დარჩება”.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ახვლედიანის 25 თებერვლის დაპირების მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრობა 30 თეთრით პირველად 15 ივლისს გაძვირდა. თავდაპირველად მგზავრობის საფასურმა მხოლოდ ახალ, ყვითელი ფერის “ფორდის” მარკის მიკროავტობუსებზე მოიმატა.
მგზავრობის საფასურის გაძვირებასთან დაკავშირებით რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა. მგზავრების ნაწილი პროტესტის ნიშნად მიკროავტობუსებში კვლავ 50 თეთრს იხდიდა.
მოგვიანებით მგზავრობის საფასური თბილსში მოძრავმა ყველა სამარშრუტო ტაქსმა 80 თეთრამდე გააძვირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი