ახალი ამბები

გაძვირდება თუ არა მგზავრობა ერთ ლარამდე

21 ოქტომბერი, 2011 •
გაძვირდება თუ არა მგზავრობა ერთ ლარამდე

კვლავ გაძვირდება თუ არა სამარშრუტო ტაქსების გადასახადი– ამ საკითხთან დაკავშირებით 15:00 საათზე ტრანსპორტის პროფკავშირების დახურული შეხვედრა გაიმართება.

დედაქალაქში მიკროავტობუსების მძღოლები და მგზავრები მგზავრობის საფასურის გაზრდაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ნოემბრიდან ქალაქის ხაზებზე მოძრავი სამარშრუტო ტაქსების ფასი 80 თეთრიდან ერთ ლარამდე გაიზრდება. მძღოლები ასევე აცხადებენ, რომ შესაძლოა შედარებით დიდ პერიმეტრზე მოძრავი მიკროავტობუსების გადასახადი 1.20 ლარი გახდეს.

მძღოლების უმეტესობამ ეს ინფორმაცია ერთმანეთისგან და მგზავრებისგან შეიტყო, ოფიციალურად ეს ინფორმაცია მათთვის არავის მიუწოდებია.“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარეს ლავრენტი ალანიას დაუკავშირდა:

“ამ საკითხთან დაკავშირებით 15:00 საათზე შეხვედრა გაიმართება, ზუსტ ინფორმაციას შეხვედრის დასრულების შემდეგ მოგაწოდებთ” – განაცხადა ლავრენტი ალანიამ. სავარაუდოდ, პროფკავშირების თავმჯდომარე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას ტრანსპორტის კომპანიებთან მართავს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ახვლედიანის 25 თებერვლის დაპირების მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრობა 30 თეთრით პირველად 15 ივლისს გაძვირდა. თავდაპირველად მგზავრობის საფასურმა მხოლოდ ახალ, ყვითელი ფერის “ფორდის” მარკის მიკროატობუსებზე მოიმატა.
მგზავრობის საფასურის გაძვირებასთან დაკავშირებით რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა. მგზავრების ნაწილი პროტესტის ნიშნად მიკროავტობუსებში კვლავ 50 თეთრს იხდიდა. თუმცა პროტესტის მიუხედავად, მოგვიანებით მგზავრობის საფასური თბილსში მოძრავმა ყველა სამარშრუტო ტაქსმა 80 თეთრამდე გააძვირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი