ახალი ამბები

პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განათლების ბიუჯეტს გაზრდიან

27 აპრილი, 2016 • 1504
პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განათლების ბიუჯეტს გაზრდიან

პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ მათთვის განათლება პრიორიტეტია, თუმცა მათი დიდი ნაწილი კონკრეტულ ნაბიჯებზე არ საუბრობს.

ხედვებზე, რომლებიც განათლების საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს აქვთ, 26 აპრილს კოალიციის “განათლება ყველასათვის – საქართველო” მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფარგლებში იმსჯელეს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნეტგაზეთი შეხვედრაზე რამდენიმე პარტიის წარმოამდგენელს გაესაუბრა. მათი უმრავლესობა განათლებისა და მეცნიერების კუთხით ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს.

ასოციაციის “სკოლა, ოჯახი, საზოგადოება” აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა მკურნალიძემ პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ თუკი პარლამენტში ეს პარტიები შევლენ,  სამოქალაქო საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა, რომ შეხვედრაზე გამოკვეთილი ხედვების შესახებ დაპირებები შეახსენონ. თუმცა მან ნეტგაზეთთან აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები არ საუბრობენ კონკრეტულ სტრატეგიებზე:

“მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არ იყო მთავარი მესიჯები. ეს უფრო პოლიტიკოსის საუბარი იყო ზოგად თემებზე. კონკრეტულ მოქმედებასთან, სტრატეგიასთან დაკავშირებული მიმართულებები არ იყო გამოკვეთილი.

იმ შემთხვევაში, როდესაც ამბობ, რომ განათლება პრიორიტეტული უნდა იყოს, რა ძირითადი მიმართულება, სად, როგორ გამოიკვეთებოდა მათი ქმედებები, ეს არ ჩანდა. მესმის, რომ ბიუჯეტის ფორმირებით უნდა მოხდეს, დამატებითი ინვესტიციებით, მაგრამ ეს ინვესტიციები რაში დაიხარჯება, როგორ დაიხარჯება.

არსად არ ჩანდა ბავშვი – განათლების სისტემის ცენტრი არის ბავშვი. ადამიანი როდესაც წერს განათლების სისტემის სტრატეგიას, იქ ამომავალი წერტილი არის ბავშვი და გრძელვადიანი პერსპექტივა. აქ საუბარი არის მასწავლებლებზე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პროფესიული განვითარება, სახელმძღვანელო, ეროვნული სასწავლო გეგმა და ა.შ., მაგრამ სად არის აქ ბავშვი?”- განაცხადა ლაშა მკურნალიძემ.

ორგანიზაციის “ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” დირექტორმა, გიორგი ახმეტელმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსები თავიანთ განცხადებებში ინკლუზიურ განათლებაზე იშვიათად საუბრობენ:

“როდესაც განათლების პოლიტიკაზე ისაუბრებთ და არ ისაუბრებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, თქვენ გამოგრჩებათ ბავშვების 10%. თქვენი პროგრამა 10%-ს არ შეეხება,”- მიმართა მან შეხვედრაზე პოლიტიკოსებს.

მოგვიანებით ახმეტელმა ნეტგაზეთთან განმარტა, რომ მნიშვნელოვანია, ინკლუზიური განათლების საკითხი პოლიტიკოსებმა პირველ პლანზე გამოიტანონ:

“ეს არის ჩემი მოტივაციაც აქ დასწრების, რომ რაღაცნაირად ინსპირაცია გავუკეთო, რომ ეს საკითხები გამოიტანონ. თუ მოხერხდა, რომ ყველა ოპოზიციური და სამთავრობო კვალიფიციური სუბიექტებისთვის ეს თემა პრიოროტეტი იქნება, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ უკვე ხელისუფლებაში მოსული პარტია ჩვენვე ვაიძულოთ, რომ რასაც ისინი პროგრამებში წარუდგენენ მოსახლეობას, მერე ეს ყველაფერი განახორციელონ,”-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე ვერ დაინახა მზაობა, რომ ინკლუზიური განათლების საკითხები მათ პროგრამებში აისახოს.

“ერთი აქტივისტის მოხსენება არ კმარა იმისთვის, რომ მზაობა გაჩნდეს. ზოგადად, ფონი ძალიან პასიურია. შესაბამისად, მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ ჩვენ ხშირ შემთხვევაში და, შესაბამისად, არ თვლიან პოლიტიკური პარტიები მიზანშეწონილად იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვების და მათი განათლების საკითხები წამოწიონ პირველ პლანზე,”- აღნიშნა გიორგი ახმეტელმა

პარტიების პოზიციები

ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ განათლებისთვის გამოყოფილი თანხები უნდა გაორმაგდეს და ამ კუთხით გასულ საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობდნენ:

“სამწუხაროდ, ამ 4 წლის განმავლობაში სასიკეთო ცვლილებები ამ მიმართულებით არ მომხდარა. ამიტომ ახალი მემარჯვენეების პროგრამაში კვლავ დარჩება ეს მუხლი, სადაც იქნება საუბარი განათლებასა და მეცნიერებაზე გამოყოფილი თანხების გაორმაგებაზე,”- განმარტავს ის.

მანანა ნაჭყებიამ ისაუბრა იმ ორ საკითხზე, რომელიც მისი თქმით, საქართველოში განათლების სისტემის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, თუმცა ხელისუფლებამ ამაზე ვერ იზრუნა:

მანანა ნაჭყებიას თქმით, პირველი არის არასერტიფიცირებული მასწავლებლების სკოლებში დატოვება – “პედაგოგებს, რომლებიც არც მოტივირებულები იყვნენ, არც სურვილი გამოუთქვამთ, რომ საკუთარ თავზე ემუშავათ, არანაიარად არ უშრომიათ იმისთვის, რომ სერტიფიკატები აეღოთ, ეს ადამიანები კვლავ დარჩნენ სკოლაში.”

მეორე საკითხი კი უნივერსიტეტების აკრედიტაციაა –   “უკვე იყო დამდგარი დრო, რომ უმაღლეს სასწავებლებს გაევლოთ არა ინსტიტუციონალური, არამედ პროგრამული აკრედიტაცია და აქ უკვე კარგად გამოჩნდებოდა, შესწევდა თუ არა უნარი უმაღლეს სასწავლებელს მიეცა სტუდენტობისთის თანამედროვე განათლება. ერთია ინსტიტუციონალური აკრედიტაცია, როდესაც შენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რამდენად არის შესაბამისობაში, კადრები რამდენად არის შესაბამისობაში, მაგრამ მეორეა, რამდენად არის გათვლილი თანამედროვე მოთხოვნებზე ის პროგრამები, რომელსაც შენ სთავაზობ სტუდენტებს,”- ამბობს ნაჭყებია.

მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ზურაბ ბრაგვაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ ვინაიდან წინასაარჩევნო რეჟიმში არიან და პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა ჯერ გამოქვეყნებული არ არის, მისი მხრიდან კონკრეტულ საკითხებზე საუბარი “სერიოზული არ იქნებოდა”. თუმცა მან ისაუბრა იმ აქცენტებზე, რაც რესპუბლიკურ პარტიას ექნება.

“მიექცევა ყურადღება განათლების დაფინანსების მოდელს: 2008 წელს, როდესაც ცალკე გავედით, ჩვენ საარჩევნო პროგრამაში პირდაპირ ჩავწერეთ, რომ ეს უნდა იყოს არანაკლებ 5 პროცენტისა. ამ შეხედულებისთვის არ გადაგვიხვევია. მასწავლებელი უნდა გახდეს ყველაზე პრესტიჟული პროფესია. თუ როგორ უნდა მივაღწიოთ- ეს საარჩევნო პროგრამაში იქნება ჩადებული. სახელმწიფომ განსაკუთრებული ზრუნვის საგნად უნდა აქციოს ზოგადი განათლება. მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ქსელის გაფართოება და ზოგადი და პროფესიული განათლების კორელაციაში მოყვანა. საუბარი იქნება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების გაუმჯობესებაზე,”- განაცხადა მან.

ნაციონალური მოძრაობის წარმოამდგენელმა, სერგო რატიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 4 წელი ცოტა დროა იმისთვის, რომ განათლების სისტემა მთლიანად ჩამოყალიბდეს. იგი ამბობს, რომ რეფორმები გრძელვადიანი უნდა გახდეს და ხელისუფლების ცვილებასთან ერთად კონკრეტული პროექტის დახურვის საფრთხე არ უნდა გაჩნდეს:

“ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მომავალში შეიძლება მოუნდეს განათლებაში თანხის ჩადება, ექნება პრობლემა, რომ შეიძლება მოვიდეს რომელიღაც ხელისუფლება და საერთოდ დახუროს ეს პროექტი,”-აღნიშნა რატიანმა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის გაზრდა და ინტერნაციონალიზაცია:

“ჩვენ ვერ შევქმნით მართლა საერთაშორისო დონის უნივერსიტეტს, თუ არ მოვიზიდეთ ის თანხები, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნის ირგვლივ, დაახლოებით 2 000 კილომეტრის რადიუსში. ეს თუ არ მოხდა და თუ არ მოხდება ჰაბის გაკეთება, რომელიც აჩვენებს, ჩვენს ირგვლივ  შეიძლება ჩამოვიდეს ვიღაც და ისწავლოს, თუ არ მოხდა იმავე სავიზო რეჟიმის პროგრამების ჰარმონიზაცია და ა.შ, ვერანაირი თანხა საქართველოში ვერ შექმნის კარგ უნივერსიტეტს,”- ამბობს რატიანი.

თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა, ქეთევან ენუქიძემ კითხვაზე, რა იქნება მათი პრიორიტეტი, დაასახელა სკოლამდელი აღზრდა, დაწყებითი განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და ინკლუზიური სფერო.

იგი ნეტგაზეთთან საუბრისას ყურადღებას მასწავლებელთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე აკეთებს.

“სისტემა უნდა იყოს გარდაქმნილი ამ თვალსაზრისით, ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ხარჯებზე მეტად, მე ვფიქრობ, მონდომებასა და გეგმის დასახვაზეა ლაპარაკი,”-ამბობს ქეთევან ენუქიძე.

შეხვედრაზე ქართულ ოცნებას სოციალ-დემოკრატების ლიდერი, გია ჟორჟოლიანი წარმოადგენდა. პრიორიტეტებზე საუბრისას მან ნეტგაზეთთან პრემიერ-მინისტრის მიერ დასახულ რეფორმების ოთხ ბლოკზე ისაუბრა:

“ამ ოთხი ბლოკიდან პირველი იქნება განათლება. კვლევითი ნაწილი, უწყვეტი განათლების ნაწილი, კვალიფიკაციის გაუმჯობესების ნაწილი, რაც ეხება არა მხოლოდ განათლების მუშაკების კვალიფიკაციის გაუმჯობესებას, არამედ, ზოგადად, უწყვეტი განათლების სისტმის შექმნას, მათ შორის, განათლების მუშაკებისთვისაც. უფრო დეტალურად, ჩვენთვის არსებითია როგორც კვლევთი ნაწილი, ისე ზოგადსაგანმანათლებლო ნაწილი. ცხოვრებისა და განათლების ურთიერთკავშირი, ანუ ეკონომიკასთან განათლების კავშირი და ა.შ. უფრო დეტალურ გაშლას თქვენ ნახავთ უახლოეს ხანებში. თუმცა საკმაოდ არის წარმოჩენილი ეს, მათ შორის იმ პრიორიტეტებში, მათ შორის, სოციალ-დემოკრატების, ჩვენი პარტიის გამოსვლებში, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლების პუბლიკაციებში,”- აღიშნავს ჟორჟოლიანი.

რაც შეეხება ეროვნულ ფორუმს, შეხვედრაზე მათ თემურ მაისურაძე წარმოადგენდა. მან ნეტგაზეთთან ახლებური მიდგომების საჭიროებაზე ისაუბრა:

“ეროვნული ფორუმისთვის განათლება არის პრინციპში ყველაზე დიდი პრიორიტეტი… სტანდარტული ხედვები, რომლითაც ჩვენ ახლა ვუყურებთ განათლებას, აღარ გამოგვადგება. დღევანდელი რეალობა სულ სხვა მოთხოვნებს უყენებს განათლების სისტემას, მასთან დამოკიდებულებას, მის დაფინანსებასთან და ყველაფერ ამასთან დაკავშირებით,”- ამბობს მაისურაძე.

ამონარიდი კოალიციის "განათლება ყველასათვის - საქართველო" მიერ ჩატარებული 7 პარტიის კვლევიდან

ამონარიდი კოალიციის “განათლება ყველასათვის – საქართველო” მიერ ჩატარებული 7 პარტიის კვლევიდან

კოალიციამ “განათლება ყველასათვის – საქართველო” 26 აპრილის შეხვედრაზე წარმოადგინა კვლევა, სადაც პოლიტიკური პარტიები პასუხობენ კითხვებს განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით.

კვლევაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკურმა პარტიებმა: ახალი მემარჯვენეები, გირჩი, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ლეიბორისტული პარტია და ქართული ოცნება. თუმცა ქართული ოცნების პასუხები არ არის ასახული კლევაში, ვინაიდან, ორგანიზატორების განცხადებით, მათ გვიან გაუგზავნეს შევსებული კითხვარი.

კვლების შედეგებში პარტიების სახელები მითითებული არ ყოფილა. როგორც შედეგების შეჯამებიდან ირკვევა, განათლება პირველი რიგის პრიორიტეტია 4 პარტიისთვის, მეორე რიგის პრიორიტეტი – 2 პარტიისთვის, ერთმა პარტიამ კი პასუხი საერთოდ არ გასცა.

გამოკითხული პარტიების უმრავლესობა (6 პარტია) ამბობს, რომ საჯარო განათლების სისტემა სრულად უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური და რელიგიური ჩარევისგან, ერთი პარტია კი ამ კითხვაზე პასუხის არ სცემს.

ყველა გამოკითხული პარტია ამბობს, რომ არსებული დაფინანსება არ არის საკმარისი განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დასაძლევად, 7 მათგანი ფიქრობს, რომ განათლებისთვის დაფინანსების გაზრდა ბიუჯეტში პრიორიტეტის განაწილების გზით უნდა მოხდეს, 5 პარტია კი ფიქრობს, რომ განათლების დაფინანსებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5% ან მეტი უნდა დაიხარჯოს.

კოალიცია “განათლება ყველასათვის – საქართველო” 2013 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა განათლების სფეროში მოღვაწე 6 საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ. კოალიციაში შედიან: 1.კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი) 2.განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი 3. მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის 4. ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოება 5. სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია 6. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი