ახალი ამბები

დავით ბერძენიშვილი: „ივანიშვილი პოლიტიკური ცუნამის როლში“

19 ოქტომბერი, 2011 • 999
დავით ბერძენიშვილი: „ივანიშვილი პოლიტიკური ცუნამის როლში“

ბატონო დავით, თქვენი აზრით, იყო თუ არა მოსალოდნელი მოვლენების ასე განვითარება ივანიშვილთან დაკავშირებით?
სააკაშვილი იმდენად შეშფოთებულია, რომ მისი მხრიდან ისტერიული ქმედება იყო მოსალოდნელი. ჩვენ გუშინვე განვაცხადეთ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ დაიწყო სახელმწიფო რეპრესიები. ივანიშვილთან თანამშრომლობა ჩვენი, რესპუბლიკური პარტიის არჩევანიცაა და ჩვენც თანმდევი რისკის თანაზიარები ვართ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ელოდებით სიტუაციის ესკალაციას ხელისუფლების მხრიდან, რა ბერკეტები არსებობს, რომ სიტუაცია პოლიტიკური პროცესიის ჩარჩოს არ გაცდეს?
ჩვენი ერთ-ერთი ბერკეტი საერთაშორისო ფაქტორია. მართალია, ის ყოველთვის არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა იყოს, მაგრამ რომ არ იყოს ამერიკის აღვირი, სააკაშვილი აქამდე გაცილებით ბევრ ცუდ საქმეს ჩაიდენდა. მთავარი და არსებითია ის მოლოდინი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გააჩინა ბიძინა ივანიშვილის შემოვარდნამ…
ივანიშვილის პოლიტიკური რეიტინგი იზრდება საკაშვილის ამ უვარგისი, მოუმზადებელი შეტევებით. ესკალაციის ალბათობა მაღალია, არჩევნებამდე თუ პოლიტიკური პროცესიის მაგვარს დაუშვებს ხელისუფლება, ივანიშვილის პოლიტიკური ცენტრი გაიმარჯვებს, თუ პროცესს ჩაკეტავს ხელისუფლება, ის უნდა იყოს მოლოდინში, რომ საშინაო და საგარეო ზეწოლა გაძლიერდება.
მე არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოძვრეს. ის პროპაგანდისტული მეთოდი, რომელსაც ხელისუფლება ფლობდა, ივანიშვილის მოედანზე გამოჩენის შემდეგ ლივერირდება, ფაქტობრივად, ივანიშვილმა შეასრულა პოლიტიკური ცუნამის როლი.
თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს… იყო თუ არა ის მზად მოვლენების ასეთი განვითარებისთვის?
მე გეტყვით, რომ –კი. მე ყველაფერს ვერ მოვყვები საჯაროდ, კონფიდენციალური შეხვედრა იყო, მაგრამ ჩვენ შორის საკმაოდ ღია საუბარი გაიმართა… იყო ასეთი მოლოდინები, რადგან ხელისუფლებას იმედები გაუცრუვდა.
ხელისუფლების ფორმულა– „ივანიშვილი რუსეთის პროექტია“, ჩავარდა. „როიტერმა“ დღეს გამოაქვეყნა ფრაგმენტები ინტერვიუდან, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. ივანიშვილის არჩევანი რომ დასავლურია, ეს უკვე ითქვა, ანუ არაფერი გამოჩენილა ჯერ ისეთი, რაც „რესპუბლიკელებს“ და ივანიშვილს ხელს შეგვიშლიდა ურთიერთობებში.
გუშინ ივანიშვილმა მიიღო ეროვნულ საბჭოში შემავალი პარტიები. თქვენ ხართ სხვა პლატფორმის პარტია. შეგიშლით თუ არა ეს ხელს ივანიშვილთან მომოვალ თანამშრომლობაში?
ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილში გამოტოვა პარტიები, რომლებიც არც ცუდებში და არც კარგებში არ მოიხსენია. ორ ასეთ პოლიტიკურ ჯგუფს უკვე შეხვდა… ჩვენ ეს პრობლემებს არ შეგვიქმნის, გამოცდილებაც გვაქვს ერთიან ფორმატში მათთან მუშაობისა. არც ეროვნულ საბჭოს, არც ეროვნულ ფორუმს არ უთქვამს, რომ რაღაც პოლიტიკურ ბლოკზე ან რაიმე ტიპის კონფიგურაციაზე იყო საუბარი ივანიშვილთან.
დღეს სიტუაცია შეფასდა როგორც რთული, ამ გართულებული სიტუაციის ფონზე ხომ არ აპირებს რესპუბლიკური პარტია მორიგ შეხვედრა გამართოს ივანიშვილთან, თუნდაც სიტუაციის ანალიზისთვის?
12 ოქტომბერს გვქონდა 2-საათიანი შეხვედრა. ჩვენც და ბიძინა ივანიშვილიც ველოდებით დავით უსუფაშვილის დაბრუნებას. ძირითად საკითხებზე მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს პარტიის თავმჯდომარემ, თუმცა პოლიტიკური არჩევანი გაკეთებულია და ეს გაჟღერებულია.
რეალობა ის არის, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილს არ აქვს მოქალაქეობა, სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელზეც მოვისმინეთ შეფასება, რომ „საარჩევნო სუბიექტებს კი არა, ხელისუფლებამ ივანიშვილს გაუმკაცრა კანონი“. რამდენად არის საშუალება, რომ დარეგისტრირდეთ საარჩევნო ბლოკად ივანიშვილთან ერთად ?
პოლიტიკური ალტერნატივა, როცა ძალიან ძლიერია ხელისუფლებასთან შედარებით, იქ რეპრესიები ძალას კარგავს. ყოველი წაგებული სასამართლო პროცესი ივანიშვილისთვის იქნება პოლიტიკური წაგება სააკაშვილისთვის. ხელისუფლება აცნობიერებს, რომ აღარ ყოფნის რესურსი, მის მიერვე მომზადებული არასამართლიანდ ჩატარებული არჩევნებშიც კი გაიმარჯვოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი