სტუდენტების ჯგუფი, რომელიც “დამოუკიდებელ სტუდენტთა მოძრაობის” ეგიდითაა გაერთიანებული, მსვლელობას მართავს ფილარმონიიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმართულებით.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამარ ნადარეიშვილის თქმით, მათი მთავარია მოთხოვნაა, რომ განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში ყველა უნივერსიტეტი იყოს ჩართული.
დღევანდელ აქცია-მსვლელობაში მონაწილეობენ სტუდენტები თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებიდან, მათ შორის: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ტექნიკური და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.
აქცია-მსვლელობის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ხმამაღლა წაიკითხავენ იმ მოთხოვნებს, რის გამოც დღეს აქციას მართავენ და შემდეგ ამ მოთხოვნებს წერილობით დატოვებენ კანცელარიაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აქცია-მსვლელობა სტუდენტების გაერთიანება “აუდიტორია 115”-მა გამართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. აქციის მიზანი იყო უნივერსიტეტებიდან “ოდეერების” განდევნა და სტუდენტების მიერ გახმაურებული ფაქტების გამოძიება მათი ოჯახის წევრების მიმართ სუს-ის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლის თაობაზე. სტუდენტებზე ზეწოლის ფაქტები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მათ აქციები გამართეს განათლების სისტემის რეფორმირების მოთხოვნით.