ახალი ამბები

საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით “დატვირთული კვირა”

18 ოქტომბერი, 2011 •
საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით “დატვირთული კვირა”

საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით მიმდინარე კვირა საქართველოსთვის საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის  მაღალჩინოსნის ფილ ბარნსის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას  პაეტის თბილისში ვიზიტებზე, რომლებიც დღეიდან იწყება.

მანჯგალაძის განცხადებით, აშშ–ს მაღალჩინოსანი ფილ ბარნსი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეფორმების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებს განიხილავს.

რაც შეეხება ურმას პაეტს, ვიზიტის ფარგლებში იგი საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდება.

მანჯგალაძემ ნოემბერში დაგეგმილ ვიზიტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნოემბრის დასაწყისში საქართველოს სამდღიანი ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვევა.

„გარდა ამისა, როგორც იცით, ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისში იგეგმება ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი. გარდა სამთავრობო შეხვედრებისა, იგი მონაწილეობას მიიღებს საკმაოდ მნიშვნელოვან ჩრდილო-ატლანტიკურ ფორუმში, რომელსაც თბილისი უკვე მეორედ მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ ასეთი ფორუმი საქართველოში პირველად 2008 წელს ომის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში გაიმართა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო. ფორუმს რასმუსენთან ერთად ნატოს წევრი 28 სახელმწიფოს ელჩები დაესწრებიან“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი