ახალი ამბები

პარლამენტში “ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერნეტის” უზრუნველსაყოფად მუშაობა გრძელდება

26 აპრილი, 2016 • 1252
პარლამენტში “ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერნეტის” უზრუნველსაყოფად მუშაობა გრძელდება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში „უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისათვის“ პროექტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. დღეს მხარეები ბავშვებისთვის ინტერნეტის რეგულირების შესახებ მარეგულირებელი კომისიის ხედვებს მოისმენენ:

“ინტერნეტსამყარო სხვადასხვა ტიპის ინფორმაციით არის გაჯერებული და ეს ძალიან კარგია თანამედროვე, სწრაფად განვითარებადი სამყაროსათვის, მაგრამ არსებობს ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ბავშვთა ფსიქო-ემოციური სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის. მაგალითად, ბავშვთა პორნოსაიტებზე იოლი წვდომა, ყალბი ტრანზაქციების განხორციელება და სხვადასხვა ტიპის პირადი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიძლება ვიღაცამ მის წინააღმდეგ გამოიყენოს,”- ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძის აზრით, ინტერნეტპროვაიდერებს ბავშვებისთვის  ამ ტიპის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ფილტრაციის ვალდებულება უნდა ჰქონდეთ:

“ჩვენი მიზანი არის ევროპული პრაქტიკა გამოვიყენოთ, რომ პროვაიდერებს ჰქონდეთ ფილტრაციის ვალდებულება ამ ტიპის ინფორმაციის წვდომაზე და ბავშვებს თუნდაც ამ ტიპის ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ მშობლის თანხმობით ჰქონდეთ. დღეს ჩვენ მოვისმენთ მარეგულირებელი კომისიის ხედვებს, სტრატეგიას ამ მიმართულებით და კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებს დავგეგმავთ.”

 

დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით ჯანდაცვის კომიტეტმა და მასთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა ახალ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის 16 თებერვალს დაიწყო.

ჯანდაცვის კომიტეტის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტზე მუშაობის დაწყების მიზეზი არის ის, რომ ბავშვები სულ უფრო ხშირად მოიხმარნენ ინტერნეტს, რაც სარგებლობასთან ერთად ზრდის ინტერნეტთან დაკავშირებულ რისკებს:

  1. პორნოგრაფიული საიტების შეუფერხებელი წვდომა;
  2. შესაძლო ყალბი ტრანზაქციები;
  3. პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი