ახალი ამბები

სროლა რუსთაველის გამზირზე

17 ოქტომბერი, 2011 •
სროლა რუსთაველის გამზირზე

დაახლოებით ერთი საათის წინ თბილისში, რუსთაველის თეატრის წინ, რამდენიმე წუთის მანძილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ, რის შედეგადაც ახალგაზრდა ბიჭი თავის არეში დაიჭრა.

შემთხვევას შეესწრო სტუდენტი გიორგი ბენაშვილი, რომელიც იმ დროს უნივერსიტეტისკენ მიდიოდა. გიორგი ბენაშვილის თქმით, მან თავდაპირველად იარაღიდან გასროლის ხმა გაიგონა.

”თავიდან სროლა არ მეგონა, მერე რომ გაძლიერდა სროლა, ხალხმა დაიყვირა, სპეცოპერაციააო და შევარდნენ მაღაზიებში, მე კი იქით გავიქეცი, საიდანაც სროლის ხმა მესმოდა. ამ დროს კი რუსთაველის თეატრის წინ დავინახე, გზის პირას ბიჭი ეგდო. მინიმუმ 20 ტყვია ისროლეს,” – ასე იხსენებს მომხდარს “ნეტგაზეთთან” საუბრისას გიორგი ბენაშვილი.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე ჯერ ”რუსთავი 2-ის” გადამღები ჯგუფი მივიდა, მერე კი, პოლიცია.

”20 წუთის შემდეგ მოვიდა სასწრაფო. პირადად დავინახე, რომ ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი და სისხლისგან იყო დაცლილი. არა მგონია, ცოცხალი ყოფილიყო,” – გვითხრა გიორგი ბენაშვილმა. მისი თქმით, სროლის შედეგად არ ჩამსხვრეულა მიმდებარე მაღაზიის ვიტრინები და სხვა ადამიანები არ დაშავებულან.

“ნეტგაზეთი” კიდევ ერთ თვითმხილველს, მაგდა ნოვაკოვსკასაც ესაუბრა, რომელმაც სროლის გაგონებისას თავი იქვე მდებარე სადარბაზოს შეაფარა.

”სროლის ხმა რომ გავიგე, შევედი სადარბაზოში. ბევრჯერ გავიგე სროლის ხმა. მერე დავინახე არკის წინ გაირბინა ერთმა ბიჭმა და მას მისდევდა ორი ბიჭი. ისინიც ახალგაზრდები იყვნენ, იარაღი ვერ დავინახე, იმდენად სწრაფად ჩაირბინეს.

პოლიცია მალევე მოვიდა. მერე კი ხალხის ყვირილიც გავიგონე, რომ მოკლესო,” – უთხრა მაგდა ნოვაკოვსკამ “ნეტგაზეთს”. მისივე თქმით, დაჭრილი გზის პირას იყო წაქცეული, რის გამოც რუსთაველზე მოძრაობა შეწყდა.

შემთხვევისას დაჭრილ ახალგაზრდა მალევე გარდაიცვალა. მას თან და და დედა ახლდნენ, რომლებიც პოლიციამ დასაკითხად წაიყვანა.

ფოტო: გიორგი ბენაშვილი
ფოტო: გიორგი ბენაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი