ახალი ამბები

დაუსრულებელი რიგი 5 ლარის სანაცვლოდ

17 ოქტომბერი, 2011 • 981
დაუსრულებელი რიგი 5 ლარის სანაცვლოდ

თბილისის მერიამ 5 მილიონი ლარი გამოყო რათა ყველა მოქალაქეს ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს, ბარათზე 5 ლარი დაერიცხოს.

როგორც დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე აცხადებს, ამ აქციას კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია: “ვაუჩერების დარიგება მგზავრებისთვის შეღავათის მისაცემად მოხდა”, – ამბობს ის.

ყველა იმ მგზავრს, რომელსაც გუშინდელი დღის ჩათვლით შეძენილი აქვს სატრანსპორტო ბარათი, 5– ლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერის გააქტიურება ნებისმიერ მეტროსადგურში შეეძლება.

“დღეისთვის გაყიდულია  მილიონზე მეტი, შესაბამისად, რამდენზეც მოხდება გააქტიურება თანხის, იმდენი ხარჯი გაიწევა, მთლიანობაში კი 5 მილიონამდეა გამოყოფილი ამ პროექტისთვის. პროგრამულად კონტროლდება ის, რომ ერთ ბარათზე მხოლოდ ერთხელ იყოს ჩატვირთული თანხა,” – განაცხადა ჯოხაძემ.

მისივე თქმით, არც ახლა და არც მომავალში მეტროს და ავტობუსის გაძვირება არ იგეგმება.

მეტროს სადგურებში სალაროსთან მისასვლელები დილიდან გადატვირთული იყო. მისული ადამიანების უმეტესობამ იქვე გაიგო 5–ლარიანი ვაუჩერების ამბავი.

“მოვედი და ამდენი ხალხი რომ დამხვდა, ვიკითხე, რა ხდებოდა. მითხრეს, რომ მერიამ გამოყო თანხა და გამიხარდა, დიდხანს არ მეყოფა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა”, – ამბობს ერთ–ერთი მგზავრი ქეთევან კორძაია.

თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც ხალხმრავლობის გამო პრობლემები შეექმნა: “შეხვედრაზე მივდიოდი და დამაგვიანდა იმის გამო, რომ სალაროსთან ამდენი ხალხია და მხოლოდ ერთი ადამიანი ემსახურება. ხურდა არ მაქვს, რომ აპარატიდან ჩავრიცხო თანხა, ამიტომ ლოდინი მიწევს, წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ამდენი ხალხი მოვიდოდა. იმედია, სხვა დღეებშიც ასე არ გაგრძელდება”, – განაცხადა სადგურის მოედნის მეტროს სალაროსთან მდგომმა ერთ–ერთმა მგზავრმა.

ბარათებზე თანხის დარიცხვა 2012 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი