ახალი ამბები

Momxmarebeli.ge: კოლიბაქტერიებით დაბინძურებული პელმენი „ნიკორაში“

17 ოქტომბერი, 2011 • 1743
Momxmarebeli.ge: კოლიბაქტერიებით დაბინძურებული პელმენი „ნიკორაში“

Momxmarebeli.ge–ის ინფორმაციით, 2011 წლის 23 სექტემბერს ცხელი ხაზის ტელეფონზე შევიდა საჩივარი ”ნიკორას” მაღაზიაში შეძენილ ასაწონ პელმენთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქე იტყობინებოდა, რომ იყიდა პელმენი, მოხარშა და ვერ შეჭამა, რადგან ხორცს ცუდი სუნი ჰქონდა და, მისი აზრით, გაფუჭებული იყო.

ამ შეტყობინების გადასამოწმებლად 26 სექტემბერს მოქალაქის მიერ მითითებულ მაღაზიაში (მაღაზია ”ნიკორა” ბერძენიშვილის ქუჩაზე)  Momxmarebeli.ge-ს წარმომადგენლებმა შეიძნეს  ასაწონი პელმენი ”ციმბირული” (შპს ”ნიკორა-ტრეიდის” წარმოება).

„შესყიდვას ესწრებოდა კვების მრეწველობის პროდუქციის ექსპერტი, რომელმაც შესყიდული პელმენები დაუყოვნებლივ მოათავსა სტერილიზებულ თერმოსებში, ლაბორატორიაში გადასატანად.

ამის შემდეგ პელმენი შესამოწმებლად ლაბორატორიას ჩაბარდა. 5 დღეში მივიღეთ პასუხი, რომელმაც აჩვენა, რომ პელმენის ხორცის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები სანიტარული ნორმების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

აღნიშნულის შესახებ ვაცნობეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ვთხოვეთ, გადაემოწმებინა ჩვენი შედეგები და მოეხდინა სათანადო რეაგირება (ამ ეტაპზე სააგენტოს რეაგირების შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია). პარალელურად პელმენი კიდევ ერთ ლაბორატორიაში მივიტანეთ შესამოწმებლად. ლაბორატორიული შემოწმების პასუხი პირველს დაემთხვა. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა დაბინძურება კოლიბაქტერიებით. მიუხედავად იმისა, რომ კოლიბაქტერიები პელმენის სათანადო მოხარშვისას იოლად იღუპება და მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, სანიტარული ნორმებით პელმენში ეს დაბინძურება გამორიცხული უნდა იყოს.

შეტყობინება აღმოჩენილი დარღვევის შესახებ გაეგზავნა მეწარმეს, მათი აღმოფხვრის რეკომენდაციებთან ერთად.

ჩვენი აზრით, აღმოჩენილი დაბინძურება შეიძლება მომხდარიყო, როგორც პროდუქტის მომზადების, ასევე მისი მაღაზიაში შენახვის, გაყიდვის, ან გადაზიდვის პროცესში. ამიტომ ვურჩევთ მომხმარებლებს:

გაყინული პელმენების ან ხინკლის შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ წინასწარ დაფასოებულ პროდუქციას, ვინაიდან:

ჰერმეტულად შეფუთული პროდუქტი დაცულია გადაზიდვისას, ან მაღაზიაში, ან თუნდაც შესყიდვის შემდგომ დაბინძურებისგან;

შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს გამოშვების თარიღი, რაც საშუალებას მოგცემთ, აირჩიოთ უფრო ახალი პროდუქტი;

წინასწარ შეფუთულ პროდუქტში გამორიცხულია ძველი და ახალი პროდუქტის ერთმანეთში შერევა მაღაზიაში.

ხარშეთ გაყინული პელმენი ან ხინკალი არანაკლებ 10-15 წუთისა (წყლის ადუღების შემდეგ) – ასეთ პირობებში საშიში მიკრობების უმეტესი ნაწილი იღუპება და დაბინძურების შემთხვევაშიც კი დაავადების რისკი მინიმუმამდე მცირდება“–აღნიშნულია Momxmarebeli.ge–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

.

მასალების გადაბეჭდვის წესი