დღეს, 17 ოქტომბერს საინფორმაციო სააგენტო ”როიტერსმა” რუსულ ენაზე გამოაქვეყნა ინტერვიუ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
”ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ რუსეთთან ინტერესების დაახლოებას, თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ,” – განუცხადა ივანიშვილმა როიტერსს. 55 წლის მილიარდერმა, რომელიც აქამდე სააჯროობას გაურბოდა, ინტერვიუ ქართულად მისცა სააგენტო როიტერსს თბილისში, საკუთარ ბიზნეს–ცენტრში, რომელიც ცნობილი იაპონელი არქიტექტორის შიმონ ტაკამაცუს დაპროექტებულია და 55 მილიონი დოლარი დაჯდა.
ჟურნალ Forbes–ის მიხედვით, პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 185–ე (რუსეთში–25–ე) ადგილზე მყოფმა ივანიშვილმა, $5,5– მილიარდიანი კაპიტალით, წინა კვირას პირველად განაცხადა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების შესახებ და სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა.
იუსიტიციის სამინისტრომ შეახსენა, რომ რუსული მოქალაქეობის ფლობასთან ერთად, მას ავტომატურად უწყდება საქართველოს მოქალაქეობა იმის გამო, რომ 2010 წლის მარტში მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეს ივანიშვილს არჩევნებში პარტიის შექმნას, დაფინანსებას და მონაწილეობას უკრძალავს.
„ისინი ჩემი პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებას შეეცადნენ, თუმცა მე გაჩერებას არ ვაპირებ“, –თქვა ივანიშვილმა.
„თუ ისინი შეეცდებიან არჩევნებში მონაწილეობა ამიკრძალონ, ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება“.
ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს რუსეთიდან მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სააკაშვილის პირადი ბრძანებით მიიღო.
საპარლამენტო არჩევნები შემდეგ შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ოპოზიციამ შენიშნა, რომ ხელისუფლებას არჩევნების დროზე ადრე დანიშვნა სურს, რათა შეაჩერონ ივანიშვილი. პრეზიდენტი ოპონენტებთან მოლაპარაკებებზე უკანასკნელი წავიდა.
“ჯერ ადრეა ვილაპაარკოთ იმაზე, ბლოკს შევქმნით, თუ ეს იქნება ერთი პარტია… ამჟამად მიდის მოლაპარაკებები ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მათი უმეტესობა, ვინც სააკაშვილს აკრიტიკებს, ივანიშვილმა მონათლა, როგორც “ფსევდოოპოზიცია”, მაგრამ პირობა დადო, რომ ეს ძალები გამანადგურებელ მარცხს განიცდიან.
“მე შემიძლია გითხრათ, 90%–ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უმრავლესობით შევალთ პარლამენტში”.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან პოლიტიკაში წასვლა ერთკვირიანი ორჭოფობისა და უძილო ღამეების შემდეგ გადაწყვიტა.
“ბოლომდე ვმერყეობდი… მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიციები ყოველდღიურად გამყარდება, ხოლო მათი (ხელისუფლების) პოზიციები შესუსტებას დაიწყებს”, – განაცხადა მეწარმემ და დაადასტურა მისი მიზნები რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით, რათა შემდეგ ეს ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩადოს.
“ჩემი ქონების აღწერა (რუსეთში) უკვე დაიწყო…მე ვიცი, რომ ყველაფრის მაღალ ფასში გაყიდვა ვერ მოხერხდება, მაგრამ მზად ვარ, მოვახდინო ყველაფრის რეალიზება,” – განაცხადა ივანიშვილმა. მისი ოფისის კედლები თბილისში გაფომებულია დემიენ ჰერსტისა და როი ლიხტენშტეინის ნახატებით, ეზოში კი დგას ზახი ჰადიდის, ანიშა კაპურას და ჰენრი მურის სკულპტურები.
ევროპის გაოცება დემოკრატიით
ივანიშვილმა ჩამოთვალა პრობლემები, რომელთა გადაწყვეტითაც სურს დაკავდეს პრემიერის ან პარლამენტის სპიკერის რანგში. ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური რეფორმა საზოგადოებრივი დისკუსიის საფუძველზე, სასამართლო რეფორმა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნის გარანტი, კორუფციის აღმოფხვრა მაღალ ეშელონებში და სხვა ზომების მიღება საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად.
მილიარდერის ვარაუდით, შედეგის მისაღწევად მას 2 ან 3 წელიწადი დაჭირდება. შემდეგ კი პოლიტიკიდან წავა.
”მე ვიმედოვნებ, რომ დემოკრატიის ხარისხით, რომელსაც საქართველოში მივიღებთ, ევროპასაც კი ვაჯობებთ. ეს იქნება ისეთი დემოკრატია, სადაც ევროპელებს თავად მოუნდებათ საქართველოში ინვესტიციების ჩადება”,- ამბობს ივანიშვილი.
ივანიშვილი, ისევე, როგორც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები, თვლიან, რომ სააკაშვილს ძალაუფლების შენარჩუნება სურს. მართალია, მას კონტიტუციური უფლება აღარ აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, რადგან 2–ჯერ ზედიზედ პრეზიდენტი უკვე იყო, თუმცა იგი ძალაუფლების შენარჩუნებას პრემიერ მინისტრის პოსტით ეცდება.
ეს მეთოდი უკვე აპრობირებულია სააკაშვილის ულმობელი კრიტიკის ადრესატის, პრემიერ–მინისტრ პუტინის მიერ, რომელიც მომვალ წელს აპირებს დაუბრუნდეს კრემლს მინიმუმ 6 წლით.
”მე ვიცი, რომ სააკაშვილს ძალაუფლების შენარჩუნება სურს, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ”,- ამბობს ივანიშვილი.
ერთი წლის წინ კონსტიტუციაში შეტანილი შესწორება საპარლამენტო უმრავლესობის ძალაუფლებას აფართოვებს. პრემიერ-მინისტრის ძალაუფლება პრეზიდენტის ძალაუფლებასთან შედარებით უფრო დიდია.
სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება, არც თავად და არც მისი გარემოცვა არ საუბრობს მის პოსტსაპრეზიდენტო გეგმებზე.
რუსეთთან ომის დროს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები გაერთიანდნენ კრემლის წინააღმდეგ, ასევე ივანიშვილიც ადანაშაულებს რუსეთს ”უპრეცედენტო აგრესიაში”, ამავე დროს, საგარეო პოლიტიკის სისხლიან დაპირისპირებას, რომელიც თბილისს აქვს ძლიერი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ, მან ”მოუფიქრებელი და არადიპლომატიური” პოლიტიკა უწოდა.
რუსეთმა გამოაცხადა ომი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დასაცავად.
საქართველო ამბობს, რომ ომში საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისთვის ჩაერთო. საბოლოო ჯამში, მოსკოვმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, თუმცა საერთაშორისო არენაზე კრემლს კონფუზი ელოდა, რამდენადაც მის მაგალითს მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ მიმართეს. რუსეთის მოქმედება დასავლეთმა დაგმო, მაგრამ ასევე თბილისის პასუხისმგებლობაზეც მიუთითა.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მას შეეძლება იპოვოს კომპრომისი და საქართველოსთვის „აშშ–სთვის, ევროპისთვის და რუსეთისვის მისაღები“ როლი გამოძებნოს.







