ახალი ამბები

აშშ–ს ახალი სტრატეგია ირანთან და პირიქით

14 ოქტომბერი, 2011 • • 1313
აშშ–ს ახალი სტრატეგია ირანთან და პირიქით
“ირანის ხელისფლებამ პასუხი უნდა აგოს იმ სახიფათო და უგუნური საქციელისთვის, რის განხორციელებასაც ის ამერიკაში აპირებდა,” – ამ სიტყვებით დაიწყო აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ  “თეთრ სახლში” გამართული პრესკონფერენცია.

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში ირანის ორგანიზებით საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის ფარული გეგმა გამჟღავნდა, “თეთრი სახლი” ღიად ალაპარაკდა ირანისთვის დაწესებული სანქციების კიდევ მეტად გამკაცრებაზე.

მანსორ არბაბსიარი, აშშ–ს ნატურალიზებული მოქალაქე ირანის პასპორტით, ერთ–ერთი ეჭვმიტანილია, რომელსაც აშშ ბრალს სდებს ამერიკაში საუდის არაბეთის ელჩის ადელ ალ ჯუბეირის მოკვლის შეთქმულებაში. ასევე, იძებნება მეორე ეჭვმიტანილი, ირანელი გომალ შაკურია, რომელიც ირანში დაფუძნებული სამხედრო დაჯგუფება ქუდსის წევრია (ქუდსი ირანის რევოლუციური გვარდიის ქვედანაყოფია).

ირანში კი არასერიოზულად აღიქვამენ აშშ–ს ბრალდებას საუდის არაბეთის ელჩის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით და ამ ფაქტს ირანის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ ახალ პროპაგანადს უწოდებენ.

ურთიერთობების “სახიფათო ესკალაცია”, სწორედ ობამას ამ ფრაზით შეიძლება შეფასდეს დღეს ამ ორ მხარეს შორის არსებული დაძაბული მდგომარეობა.

სიტუაციის შეფასებისას დასავლური მედია უკვე ღიად საუბრობს დაძაბულობის ახალ ფაზაში გადასვლასთან დაკავშირებით.

“ჩვენ არ ვსაუბრობთ ირანთან, შესაბამისად,  ერთმანეთის არ გვესმის. “ცივი ომის” დროსაც კი არსებობდა გარკვეული კავშირები საბჭოთა კავშირთან, მაშინ როდესაც დღეს აშშ–ირანის ურთიერთობებში კომუნიკაციის ნაკლებობაა, რაც, დამეთანხმებით, დაძაბულობას უფრო გაზრდის,” – “კარნეგის საერთაშორისო ცენტრში” გამოსვლისას აღნიშნა აშშ–ს გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, აწ გადამდგარმა ადმირალმა მაიკ მალენმა.

თუმცა, რამდენად არის პრობლემა მხოლოდ დიალოგში? შედის კი ეს ამ ეტაპზე ირანის დღის წესრიგში?

“არაბული გაზაფხულის” მოვლენების შემდეგ რეგიონში ძალთა ახალი გადანაწილებები დაიწყო. ირანსა და საუდის არაბეთს შორის (შიიტებსა და სუნიტებს, სპარსულ და არაბულ სამყაროს) ლიდერობისთვის ბრძოლა მკვეთრად გამოიკვეთა.

“რეგიონში ირანის აღმასვლის შემთხვევაში საუდის არაბეთის პოზიციები შესუსტდება და პირიქით,” – აღნიშნავს “კარნეგის ცენტრის” ექსპერტი კრისტოფერ ბუკეკი.

მისი შეფასებით, 1970 წლისგან განსხვავებით, როდესაც აშშ ირანს და საუდის არაბეთს სპარსეთის ყურის ორ მთავარ ბურჯად მიიჩნევდა, 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ, მაშინ როდესაც ირანს რადიკალური შიიტი სასულიერო პირი ჩაუდგა სათავეში და ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა, აშშ–ს პოზიცია ირანთან მიმართებაში მკვეთრად შეიცვალა.

ირანმა რეგიონში დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო, რითიც საბოლოოდ გაიფუჭა ურთიერთობები, როგორც არაბეთთან, ასევე – აშშ–სთან. ირანის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციების, სანქციების, კომპიუტერული ვირუსის Stuxnet მიუხედავად, პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ჯერაც არ აპირებს შეაჩეროს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა.

უცხოელი ექსპერტების შეფასებით, სანქციებმა ირანის პოლიტიკა უფრო ხისტი გახადა და ამ პოლიტიკის მოქმედების არეალიც თანდათან გააფართოვა. მაგალითად კი აღნიშნული ფაქტი მოჰყავთ.

“ამ დაძაბული პერიოდის განმავლობაში ირანმა პირველად დაგეგმა ტერორისტული აქტი აშშ–ს ტერიტორიაზე. აქამდე ის ლიბანის სამხედრო დაჯგუფება “ჰეზბოლას” სახელით ახდენდა რეგიონში თავდასხმებს, რითიც ოფიციალური თეირანის სახე  იჩრდილებოდა,” – ნათქვამია ჟურნალ “თაიმსში”.

რაც შეეხება  საქართველო-ირანის ამჟამინდელ ურთიერთობებს, მაშინ როდესაც საქართველო აშშ–ს სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს, აშშ–ირანს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რას უნდა ელოდოს საქართველო შორეული და ახლობელი მეზობლებისგან?

ის ფაქტი, რომ აშშ დაინტერსებულია საქართველო–ირანის არსებული ურთიერთობებით, ეს “ვიკილიქსის” მიერ 2010 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ მასალებშიც გამოჩნდა.

მაშინ  საქართველოში აშშ-ს ელჩის, ჯონ ბასის მიერ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლის ავღანეთსა და პაკისტანში, რიჩარდ ჰოლბრუკისადმი გაგზავნილი წერილი გამოქვეყნდა, სადაც ელჩი საქართველო-ირანის ურთიერთობებზე წერდა.

”თბილისი იზიარებს ჩვენს შეშფოთებას ირანის პოლიტიკასთან დაკავშირებით და მზად არის ეს საკითხები უშუალოდ ირანელების წინაშე დააყენოს, თუმცა ჯერჯერობით ამის გაკეთებას არ ჩქარობს,” – წერს ბასი რიჩარდ ჰოლბრუკს.

ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, ურთიერთობების  დაძაბვა საქართველოზე გადამწყვეტ მნიშვნელობას ვერ იქონიებს, იმიტომ რომ  აქ დიდი პოლიტიკაა და ამ პოლიტიკურ თამაშში ბევრად უფრო გამაღიზიანებელი ფაქტორები არსებობს.

“მიმაჩნია, რომ ეს ეპიზოდი გადამწყვეტ მნიშვნელობას ვერ მოახდენს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ირანის წინააღმდეგ დაიწყო სამხედრო მოქმედებები, გამორიცხული არაა რომ ირან–საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობებიც დაიძაბოს, მაგრამ ჯერჯერობით ის პოლიტიკა, რასაც საქართველო ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ მცირედით აღიზიანებს დასავლეთს, განსაკუთრებით ანგარიშგასაწევად არ მიაჩნიათ,” – აღნიშნავს არეშიძე.

თუმცა, ექსპერტი ამ ეტაპზე გამორიცხავს აშშ–ს მიერ ირანის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო მოქმედებების დაწყებას.  

“ჯერჯერობით ორ მხარეს შორის მხოლოდ დიპლომატიური ჭიდილია. ისეთი განწყობებს, როგორიც იყო ერაყში ომთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ამერიკამ კარგად იცის, რომ ირანი ერაყი არ არის  და ომის შემთხვევაში ბევრად უფრო დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს,” – აღნიშნავს არეშიძე.

2010 წლის 3 ნოემბერს ხელმოწერილი შეთახმების თანახად, 2011 წლის 26 იანვრიდან საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.  

ორივე ქვეყნის მოქალაქე სარგებლობს ტერიტორიაზე მრავალჯერადი შესვლის, ტერიტორიიდან გასვლის და საერთაშორისო მიმოსვლისთვის განკუთვნილი საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით ტრანზიტის და ასევე მეორე მხარის ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის უფლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი