ახალი ამბები

ჩეჩნური ბატალიონის მიმართვა მედვედევს და არჩევნები ცხინვალში

14 ოქტომბერი, 2011 • • 1272
ჩეჩნური ბატალიონის მიმართვა მედვედევს და არჩევნები ცხინვალში

ჩეჩნურმა სამხედრო ბატალიონმა „ვოსტოკმა“ დღეს, 14 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს ცხინვალის რეგიონში შექმნილ სიტუაციაში ჩარევა და ვითარების სტაბილიზაცია მოსთხოვა.

ღია წერილს, რომელიც რუსულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა, ხელს სამხედრო ბატალიონის ათეულობით წევრი აწერს.

„2008 წლის აგვისტოში,  ჩვენ,  ბატალიონ „ვოსტოკის“ ოფიცრები და ჯარისკაცები თქვენი გადაწყვეტილებით ვიღებდით მონაწილეობას საქართველოსთვის მშვიდობის იძულების ოპერაციაში. ჩვენ მივედით ჩვენს დებთან და ძმებთან სამხრეთ ოსეთში, რათა დავხმარებოდით მათ საქართველოს აგრესიის შეკავებაში. ჩვენ გვჯეროდა, რომ ამ მიწას მოვუტანდით მშვიდობასა და სიწყნარეს. სამწუხაროდ, ჩვენი იმედები არ გამართლდა. დღეს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა უკვე საკუთარი ხელისუფლებისგან განიცდის რეპრესიებს. ჩვენ შეწუხებული ვართ იმით, რომ ომის დროს დანგრეული რესპუბლიკა ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის დიდი რესურსები გაიღო რუსეთმა,“ – წერია „ვოსტოკის“ დღევანდელ განცხადებაში.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დამოკიდებულებით როგორც საკუთარი, ისე რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც საზღვარზემ ამცირებენ და ემუქრებიან.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სამხრეთ ოსეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა. იქ მიმდინარე მოვლენებს კი კავკასიის რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია შეუძლია.

გთხოვთ თქვენ, ჩაერიოთ შექმნილ სიტუაციაში და ამასთანავე, უზრუნველყოთ კავკასიის სტაბილურობა და აყვავება“, – ასე სრულდება რუსეთის პრეზიდენტისადმი ჩეჩნური ბატალიონის მიმართვა.

სამხრეთ ოსეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში პოლიტიკური სიტუაცია რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაინიშნა და კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო.

ცხინვალის რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის 13 ნოემბერსაა დანიშნული. 14 ოქტომბრის მონაცემებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის 13 კანდიდატია დარეგისტრირებული, კიდევ 10 განაცხადის განხილვა კი ახლაც მიმდინარეობს. პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების მსურველებს ვადა ცხინვალში 19 ოქტომბრამდე აქვთ.

დე-ფატქო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს სულ 85 საარჩევნო უბნის გახსნა იგეგმება, აქედან ერთი უბანი გაიხსნება მოსკოვში, ერთის გახსნას კი აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში აპირებენ. დანარჩენი საარჩევნო უბნები ცხინვალის რეგიონში განთავსდება. ოსები ამ არჩევნებზე 13 მილიონი რუბლის დახარჯვას აპირებენ.

არჩევნების გამო სიტუაცია ცხინვალში პირველად 30 სექტემბერს დაიძაბა. პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების მსურველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ჯამბულატ თედეევს, რომელიც  რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელიცაა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე.

ამის გამო,  თედეევის მომხრეებმა ცხინვალის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სცადეს შეჭრა, ჩაამსხვრიეს შენობის შესასვლელის მინები, თუმცა მალევე მოვიდა სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც ჰაერში ისროლა. პოლიციამ ოპოზიციონერის 100-მდე მხარდამჭერი დაკაავა. იმის შიშით, რომ თავად თედეევიც არ დაეკავებინათ, მისი მომხრეები პოლიტიკოსის სახლთან მორიგეობდნენ, თუმცა, ცხინვალელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ძალით გაიყვანეს ცხინვალის რეგიონიდან და რუსეთის საზღვრის მიღმა დატოვეს.

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ოპოზიცია „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის მცდელობაშიც კი დაადანაშაულა.

ოსური საინფორმაციო სააგენტო „რეს”-ის ცნობით, სამხრეთ ოსეთის რეგიონში 2011 წლის 3 ოქტომბერს დაწესდა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც უცხოეთის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებსაც ცხინვალის რეგიონში შეეზღუდათ შესვლის უფლება.

არაღიარებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ჟურნალისტებმა თავი უნდა შეიკავონ ამ რეგიონში მოგზაურობისგან საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე.

„იტარ-ტასის” ცნობით კი, შეზღუდვები 2011 წლის 13 ნოემბერს დანიშნულ არჩევნებამდე გაგრძელდება.

ცხინვალის ამჟამინდელ მმართველ ედუარდ კოკოითის გუნდმა კანდიდატად  წარადგინა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსი ანატოლი ბიბილოვი, რომელიც რუსეთის მხარდაჭერითაც სარგებლობს.

რუსული გამოცემა lenta.ru-ს ცნობით, არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ხანდერ ოსტაევმა განაცხადა, რომ კანდიდატის რეგისტრაციისას გენერალური პროკურორი  ანატოლი ხუგაევი მასზე ზეწოლას ახდენდა.

ხანდერ ოსტაევმა ამის შემდეგ მიმართა დე ფაქტო  პარლამენტის თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევს და სთხოვა უზრუნველეყო მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოება, ასევე, აღეკვეთა გენერალური პროკურორის ჩარევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობაში.  ოსტაევის განცხადებიდან ორიოდ დღეში სტანისლავ კოჩიევი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს. სტანისლავ კოჩიევი ცხინვალის რეგიონში მოქმედი ოპოზიციური „კომუნისტური პარტიის“ წევრია. მისი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ კოჩიევის ჩამოშორების მიზეზი წინასაარჩევნო ბრძოლა გახდა.

„მე არ დავუშვებდი საარჩევნოდ ხმების გაყალბებას და ამიტომ მომიცილეს,“ – განუცხადა „კავკაზსკი უზელს“ კოჩიევმა.

რუსულ პრესაში, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოჩიევი ედუარდ კოკოითიმ იმიტომ მოიცილა, რომ  საპარლამენტო არჩევნებში თავისი პარტიის გამარჯვების შემდეგ პარლამენტის სპიკერი თავად გახდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ცხინვალში დაგეგმილ არჩევნებს „საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაგეგმილი ფარსი უწოდა“ და განაცხადა, რომ „ნებისმიერი ესკალაცია, სიტუაციის დაძაბვა ჩვენს ტრიტორიაზე, თუნდაც იგი იყოს ამჟამად ოკუპირებული და მასზე სრული კონტროლი გააჩნდეს საოკუპაციო რეჟიმს და რუსეთის სამხედრო მანქანას, შემაშფოთებელი და ამაღელვებელია.“

ცხინვალში შექმნილი მდგომარეობა ნეტგაზეთთან საუბარში შეაფასა კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა. მისი თქმით, აფხაზეთში ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით, 13 ნოემბრისთვის ცხინვალის რეგიონში დანიშნული არჩევნები პროცედურულ დონეზე გაცილებით არაგამჭვირვალე და უსამართლოა, რადგან სახეზეა ოპოზიციონერების დაშინებისა და დაპატიმრების ფაქტები.

ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული არჩევნები სამხრეთ ოსეთში საქართველოსთან მიმართებაში სიტუაციას არ შეცვლის, რადგან იქ კვლავ ედუარდ კოკოითის გარემოცვა დარჩება ხელისიფლებაში. გარდა ამისა, იქ სიტუაციის შეცვლა თავად რუსეთსაც არ აწყობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი