ახალი ამბები

კახა კალაძე: ბატონო ბიძინა, მიგულეთ თქვენ გვერდით

14 ოქტომბერი, 2011 • • 1071
კახა კალაძე: ბატონო ბიძინა, მიგულეთ თქვენ გვერდით

“ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და, როგორც ერთი რიგითი ქართველი, მიგულეთ თქვენ გვერდით. მჯერა, დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ უკვე ათასობით თქვენს გვერდით მყოფი იქნება, ზეგ კიდევ მეტი”, – ამ სიტყვებით ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

კალაძემ საკუთარი ოფიციალური განცხადება დღეს გამოაქვეყნა თავის FAN ZONE–ზე. უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ განცხადებას:

“ძვირფასო მეგობრებო, დებო და ძმებო, როგორც თქვენმა თანამემამულემ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს დროს გამეკეთებინა განცხადება. მართალია, სპორტსმენი და აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არ ვეკუთვნი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გაერთიანებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავაფიქსირო ჩემი აზრი და არ გამოვხატო ჩემი შეხედულება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩემს სამშობლოს, რომელიც გზის გასაყარზე დგას, დანაწილებულ-დაქუცმაცებული, გავერანებული და გაპარტახებული.

სულის შემძვრელია, როდესაც საქართველოს ქალაქების ქუჩებში უყურებ დანაღვლიანებულ-დამწუხრებულ სახეებს,საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს ღიმილი, სიცილი, ბედნიერების შეგრძნება. ადამიანებს დამამცირებლად წაგლიჯეს შრომის, განათლების და კერძო საკუთრების უფლებები.
ციხე-კოლონიები სავსეა პატიმრებით, რომელთა გარკვეული კონტიგენტი ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წარმომადგენელს ასე სურს. ყოველივე ეს ერთ დღეში არ წაურთმევიათ, ადამიანთა ერთმა ჯგუფმა უკვე წლებია, რაც გადაწყვიტა, ხელოვნურად შეექმნათ ქართველთა ახალი სახე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება კარგი გაგებით ტრადიციული ქართველისაგან და საქართველოს მოქალაქისაგან. გათელილი და დაკნინებულია თითქმის ყველა ტრადიციული დღესასწაული თუ საზოგადოებისათვის საყვარელი ადამიანი, ხოლო მათი ჩანაცვლება კი ხდება ერთსახოვანი, ყალბი გმირებით და თითიდან გამოწოვილი, ილუზიური დღესასწაულებით, შენდება ერთჯერადი „პოტიომკინის“ სოფლები და ქალაქები.
ჩემი წერილის დასაწყისშიც მოგახსენეთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, რადგან არა ვარ პოლიტიკოსი, ეს არის მოქალაქეობრივი ვალი და თვალთახედვა, რაც მე გამაჩნია ქვეყანაში მომხდარ მოვლენებზე. თვალი არასოდეს დამიხუჭავს სიმართლისათვის და სათქმელი ყოველთვის ხმამაღლა მითქვამს. მართალია, ჩვენს მოქალაქეებს იძულებით, შიშითა და შანტაჟით ყველაფერი წაართვეს, რისი წართმევაც შეეძლოთ, მაგრამ ვერ წაგვართვეს ღირსება! ეს არ არის შაბლონური და ტრაფარეტული ფრაზები, ყელში სისხლი მაწვება, როდესაც სამშობლო ასეთ გასაჭირშია და შველას ითხოვს.
მივმართავ ყველას და განსაკუთრებით ჩვენს ძვირფას თანატოლებს, ახალგაზრდობას, სტუდენტებს: მეგობრებო, როდესაც ასეთ მძიმე წუთებია ერისათვის, მამულისათვის, სარწმუნოებისათვის- გავაღვიძოთ ჩვენში წინაპართა სისხლი, ხმამაღლა და ერთად გამოვთქვათ საყოველთაო პროტესტი ადამიანთა ჩაგვრისა და დამამცირებელ სიტუაციაში ჩაყენებისათვის. ახალგაზრდობა დიდი ძალა ვართ, გვერდით დავუდგეთ ჩვენს მშობლებს და ერთად ბევრს მივაღწევთ.
წავიკითხე ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, პირადად არ ვიცნობ ბატონ ბიძინას, მაგრამ აღნიშნულ წერილში არის ისეთი ფრაზები, რომელმაც არ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დააფიქროს. მთელ რიგ საკითხებში ჩვენი ხედვა სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე ერთნაირია.
ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და, როგორც ერთი რიგითი ქართველი, მიგულეთ თქვენ გვერდით. მჯერა, დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ უკვე ათასობით თქვენ გვერდით მყოფი იქნება, ზეგ კიდევ მეტი…
ღმერთმა დაიცვას და გააბრწყინოს სრულიად საქართველო.”
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე მანამდე პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს უცხადებდა, რომელიც მოგვიანებით ოპოზიციურ პარტიას ჩაუდგა სათავეში.
ნოღაიდელი და მისი გუნდი არ მოხვედრილა იმ ძალების ჩამონათვალში, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს, ან არ აპირებს თანამშრომლობას. ასეთი ძალების თაობაზე ივანიშვილმა საკუთარი შეხედულებები 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა საკუთარ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი