ახალი ამბები

გურამ ჩახვაძე: ივანიშვილმა საზოგადოებაში სადემარკაციო ხაზი გაავლო

13 ოქტომბერი, 2011 • 1112
გურამ ჩახვაძე: ივანიშვილმა საზოგადოებაში სადემარკაციო ხაზი გაავლო

„ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის“ წევრი, პარლამენტარი გურამ ჩახვაძე

„ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ მის პარტიას ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის სურვილი არ აქვს.

ედპ–სთვის მიუღებელია ივანიშვილის ხედვა და ის ფასეულობები, რომელსაც ის თავის განცხადებაში ამყარებს.

„ბატონი ივანიშვილი აცხადებს, რომ ომი  2008 წელს დაიწყო საქართველომ. ეს არის დიდი შეცდომა და არასწორი ინტერპრეტირება. ამას რუსეთი გამუდმებით ამტკიცებს, ხოლო საქართველო არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ეწინააღმდეგება. საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის შემოჭრას საქართველოში ოკუპაცია უწოდა, ივანიშვილი კი საწინააღმდეგოს აცხადებს“, – ამბობს ჩახვაძე.

ჩახვაძისთვის, ასევე, მიუღებელია  ბიძინა ივანიშვილის ვაჭრობა მედიასთან.  „ვაჭრობა მედიასთან  მიუღებელია. ივანიშვილმა  უკვე გაავლო სადემარკაციო ხაზი საზოგადოებაში. ასეთი გამყოფი ხაზები ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. საზოგადოება შუაზე  არ უნდა გახლიჩონ“, – ამბობს ჩახვაძე.

ჩახვაძეს არ უკვირს, თუ რატომ არ მოხვდა „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“ ივანიშვილის ფავორიტთა სიაში. მისი თქმით, ოლიგარქის და პარტიის ფასეულობები განსხვავებულია.

ბიძინა ივანიშვილის მიერ 12 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის არ აპირებს “ედპ”–სთან თანამშრომლობას, რადგან მას და კიდევ რამდენიმე პოლიტიკურ გაერთიანებას ფსევდოოპოზიციურ პარტიებად აცხადებს.

”სწორედ მათ შეაქვთ განხეთქილება და არეულობა ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალების ნებისმიერ წამოწყებაში, ისინი ახშობენ, ანეიტრალებენ და კალაპოტს უცვლიან ხალხის საპროტესტო განწყობას”, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი