ახალი ამბები

კონგრესმენი სტივ რასელი მოუწოდებს დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები

22 აპრილი, 2016 • 1297
კონგრესმენი სტივ რასელი მოუწოდებს დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები

კონგრესმენმა სტივ რასელმა 21 აპრილს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ვლადიმერ პუტინი კვლავ ცდილობს, შექმნას საქართველოში პრორუსული მთავრობა, “პუტინის ახლო მოკავშირე” კი ბიძინა ივანიშვილია.

მისივე განცხადებით, ივანიშვილს სურს, არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინოს ხმების ყიდვით, პოლიტიკური ოპონენტების დასჯითა და სპეცსამსახურების გამოყენებით.

“ოქტომბერში საქართველო არჩევენებს ჩაატრებს. ეს არჩევნები არის უფრო მეტი, ვიდრე ქვეყნის მთავრობის გარკვევა. სავარაუდოდ, ამ არჩევნებით დადგინდება, იქნება  საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანა, რომელიც განაგრძობს თვითგამორკვევას, თუ დანებდება კორუფციას, რუსი ოლიგარქის გავლენას და რუსეთის დომინაციას,”- განაცხადა კონგრესმენმა.

საკუთარ სიტყვაში კონგრესმენმა რასელმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, 2003 წელს, როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა, საქართველოში დაიწყო რეფორმები და ქვეყანა დადგა თვითგამორკვევის გზაზე.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი მზად არის, დაიცვას საკუთარი თავისუფლება, ამაში კი მათი დახმარება სჭირდებათ.

მან მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, გაუწიოს დახმარება საქართველოში ოქტომბერში ჩასატარებელი არჩევნების მონიტორინგის პროცესს. მან ასევე მოუწოდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აღადგინოს წარმომადგენლობითი წევრობა, რათა შეეწინააღმდეგოს მოსყიდვას “მოსკოვისა და მისი მარიონეტის, ბიძინა ივანიშვილის მიერ”,

“მოვუწოდებ სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტს და დასავლურ ბანკებს, რომ გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები, ვინაიდან იგი ჩართული იყო იარაღით უკანონო ვაჭრობაში,”- განაცხადა მან.

კონგრესმენმა მოუწოდა დასავლურ მედიას, რომ მოისმინონ ისტორიები საქართელოდან, გააშუქონ და გამოიძიონ ბოლო თვეებში არსებული ვითარება. სენატორმა ასევე აღნშნა, რომ ეს პერიოდი “შესაძლოა, საქართველოს რესპუბლიკისთვის თავისუფლების უკანასკნელი თვეები აღმოჩნდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი