ახალი ამბები

ლევან ვეფხვაძე: ივანიშვილმა სააკაშვილის შეცვლის პერსპექტივა დაასამარა

13 ოქტომბერი, 2011 • 1095
ლევან ვეფხვაძე: ივანიშვილმა სააკაშვილის შეცვლის პერსპექტივა დაასამარა

ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრი და პარლამენტის ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე „ნეტგაზეთთან “ საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი განცხადებით საზოგადოებას იმედი გაუცრუა.

„ამ ადამიანის მიმართ მოლოდინი არსებობდა,  მაგრამ მის მიერ გაკეთებული განცხადებების წაკითხვის შემდეგ იმედი გაგვიცრუვდა. არ გვინდა, რომ  სააკაშვილის შემდეგ უარესი შედეგი მივიღოთ. ივანიშვილი ჭკუას არიგებს და უხეშად მოიხსენიებს ექსპერტებს, ჟურნალისტებს. ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს ლიდერობაზე, მსგავსი განცხადები არ უნდა გააკეთოს“, – ამბობს ვეფხვაძე.

ლევან ვეფხვაძეს ივანიშვილის მიერ თარგამაძის მისამართით გაკეთებული განცხადების შინაარსი არ უკვირს, რადგან, მისი თქმით, დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილთან ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო.

„2006 წელს მან ამერიკული  სოფელი დაანგრია. მას აქვს მუდმივი შიშები და ფობიები, რომ ვიღაცა უთვალთვალებს და მოკლავს. მისი საცხოვრებელი სახლის უკან იყო წალკოტი, რომელიც იქ გაშენდა. საბოლო ჯამში, ერთ დღეს მიხეილ სააკაშვილს მიაყენებინა ბულდოზერები და ეს შენობები დაანგრევინა.  როცა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, „ტელეიმედის“ „დროებაში“ გავიდა სიუჟეტი ამ თემაზე. ბუნებრივია, ამის შემდეგ ივანიშვილმა  მოიძულა  გიორგი თარგამაძე.  მანამდე  ივანიშვილს პატარკაციშვილთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რადგან  განიხილავდა მას, როგორც მთავარ კონკურენტს სააკაშვილის მოშორების შემდეგ. ის ფიქრობდა, რომ  ჯერ ძლიერი პატარკაციშვილი უნდა მოეშორებინა და შემდეგ სუსტ სააკაშვილს დაპირისპირებოდა“, – ამბობს ვეფხვაძე.

მისივე თქმით, 2007 წელს სააკაშვილმა ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დახმარებით შეინარჩუნა.

“ივანიშვილმა სააკაშვილის შეცვლის პერსპექტივა დაასამარა. ამიტომ ის ფამილარულად და ტკბილად მოიხსენიებს ვანო მერაბიშვილს. ივანიშვილი იქამდე იყო  ხელისუფლებისთვის  მისაღები , როცა ფულს აძლევდა და ეხმარებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ის ფულს უანგაროდ არ იხდიდა, მაგრამ როცა გამოაცხადებ, რომ ფულს აღარ მოგცემ, ბუნებრივია, გახდები მიუღებელი. სწორედ ეს არის მისი მთავრობასთან დაპირისპირების მიზეზი, უმრავლესობა კი სხვა მოტივებზე საუბრობს“, – ამბობს ვეფხვაძე.

ბიძინა ივანიშვილის მიერ 12 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ბიზნესმენმა ეჭვქვეშ დააყენა გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა.

“დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მის მიერ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისუფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა,” – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ ღია წერილში.

ივანიშვილმა “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა” ფსევდოპოზიციური პარტიების სიაში შეიყვანა, ვისთან თანამშრომლობასაც არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი