ახალი ამბები

“იმედის” პასუხი ივანიშვილს

13 ოქტომბერი, 2011 •
“იმედის” პასუხი ივანიშვილს

მათე კირვალიძე
მათე კირვალიძე

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მათე კირვალიძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ „ტელეიმედი“ ვალდებული არ არის, “საქართველოს ყოფილი მოქალაქე პირდაპირ ეთერში ჩართოს”.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც წერია: „თუ რომელიმე ეროვნული მაუწყებელი (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი) უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერის ტრანსლირებას, 14 ოქტომრიდან, როგორც ეს განცხადებული იყო, ბატონი ბიძინა მზად არის, პრესსამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის (ელექტრონული, ბეჭდვითი) გამართოს პრესკონფერენცია.“

განცხადებაში, ასევე, წერია, რომ “იგი მზად არის, პასუხი გასცეს ჟურნალისტების შეკითხვებს ნებისმიერ თემაზე.“

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, მათე კირვალიძის კომენტარს ამ საკითხზე უცვლელად გთავაზობთ: „პრესკონფერენფერენციის მოწყობა უნდა და “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, “რუსთავი2”-სა და “იმედს” პირდაპირი ეთერით უზრუნველყოფას სთხოვს. ეს ადამიანი პირდაპირ ეთერში ჩართვას კი არ ითხოვს, პრესკონფერენციას მართავს თავის ოფისში, სადღაც და ამის პირდაპირი ეთერით უზრუნველყოფას სთხოვს ტელევიზიებს.

მე ვერ ვხედავ, რა ვალდებულება აქვს „ტელეიმედს“ ამისი. ვერ ვხვდები, რის უზრუნველყოფაზე ლაპარაკობს ეს კაცი. რამდენადაც ვიცი, პირდაპირ ეთერში “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, სამი გადაცემა აქვთ მათ პირდაპირ ეთერში, იგი მიიწვია და დღემდე არ მიუღია პასუხი. რატომ ატარებს ეს ადამიანი სადღაც პრესსამდივნოში პრესკონფერენციას, ვერ გავიგე, რატომ არ ატარებს სადმე, ღია სივრცეში? ან ეს პრესკონფერენცია რა იქნება? სხვა ტელეკომპანიებიც დაესწრებიან? ან სხვა გაზეთები? აი, “ნეტგაზეთი” იქნება, ან არ იქნება მიწვეული? რისთვის ატარებს ეს ადამიანი? გამართოს პრესკონფერენცია “მერიოტში” და მივა ყველა იქ. რომ არ შეწუხდეს ტელევიზიები და ამხელა აპარატურა არ მიაგორონ იმისთვის, რომ ერთ რიგით საქართველოს კი არა, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, თუ რუსეთის მოქალაქეს რომ არ იმასაქნას, სკაიპით რომ ჩაატაროს, შეიძლება, უკეთესი იყოს. აი, როგორც ისა, ებრალიძე ჩაერთო მის აქ რაღაცა ერეკლე მეორის საზოგადოებას სკაიპით სანკტ-პეტერბურგიდან , ბატონი ბიძინაც ჩაერთოს თავისი პრესსამდივნოდან ტელევიზიებს, რომლებსაც ყველა იღებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი