ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ივანიშვილის შეთავაზება მიუღებელია

13 ოქტომბერი, 2011 • • 1174
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ივანიშვილის შეთავაზება მიუღებელია

გია ჭანტურია
გია ჭანტურია

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიზნესმენ ივანიშვილის შეთავაზებაზე, ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ჩაერთოს საკუთარი ოფისიდან, უარს ამბობს.

ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედს”, რუსთავი 2-სა” და საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს, 13 ოქტომბერს, შესთავაზა, რომ ის მზად არის, 14 ოქტომბრიდან ამ სამი ტელეარხიდან რომელიმეს პირდაპირ ეთერში საკუთარი ოფისიდან ჩაერთოს.

“უკაცრავად, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ფორმატი როგორი და რანაირი იქნება, ამას, მე მგონი, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა წყვეტდეს და არა-ბიძინა ივანიშვილი,” – განუცხადა ნეტგაზეთს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ, “- ჩვენ შევთავაზეთ ბ-ნ ბიძინას, მოსულიყო ნებისმიერ ტოქშოუში და გაეცა პასუხი ჩვენი ჟურნალისტების კითხვებზე, რაზეც სამი დღის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღეთ.”

“ის თუ ატარებს პრესკონფერენციას, ჩვენი წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მივა. მაგრამ ეს არ ნიშნავს პირდაპირ ეთერს, ჩვენ ამას გადავიღებთ და ჩვენი სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე გავაშუქებთ. მაგრამ პირდაპირი ეთერი გვთხოვოს ადამიანმა, მაგის უფლება, მე გონი, არა აქვს. ჩვენ მზადა ვართ, გავუკეთეთ მას შეთავაზება, მობრძანებულიყო ჩვენთან ტოქშოუში. მზადყოფნა ახლაც არის, დიდი სიამოვნებით, მობრძანდეს ტოქშოუში და გასცეს პასუხები ჩვენი ჟურნალისტების შეკითხვებს. მაგრამ ახლა დავალება მივიღოთ მისგან და უზრუნველვყოთ პირდაპირი ეთერით, მისი მხრიდან მიუღებელია და, ცოტა არ იყოს, არც თუ ისე სწორი ფორმულირებაა. თუმცა მას აქვს სრული უფლება, გამართოს პრესკონფერენცია. ჩვენ იქ მივალთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის პირდაპირ ჩართვას უზრუნველვყოფთ. ჩვენ ამისი არც ვალდებულება გვაქვს და არც არანაირი მოვალეობა. ჩვენი წინადადება კვლავ ძალაშია, მობრძანდეს ჩვენთან ეთერში,” – უთხრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ნეტგაზეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი