ახალი ამბები

ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ივანიშვილის მოქალაქეობაზე

13 ოქტომბერი, 2011 • • 994
ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ივანიშვილის მოქალაქეობაზე

ბიძინა ივანშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ დღეს, 13 ოქტომბერს, სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებას „პოლიტიკური და სამართლებრივი უმწიფრობა“ უწოდა და არაკომპეტენტურობის გამო მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც მოითხოვა.

საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ “კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს რიგითი მოქალაქე, მდიდარი ან ღარიბი ადამიანი, თუ პრეზიდენტი, ან მათი ოჯახის წევრები… ჩვენ ადრეც არაერთხელ მოგვისმენია ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შინაარსის შემცველი გამოსვლა, თუმცა 2011 წლის 7 ოქტომბერს მის მიერ გავრცელებული განცხადება შეიცავდა ჩვენთვის საგულისხმო ახალ ინფორმაციას მის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების თაობაზე – კერძოდ, 2004 წლის შემდეგ, ანუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდგომ პერიოდში, საფრანგეთის მოქალაქეობის მოპოვების შესახებ,”

ბიზნესმენის პირადი ადვოკატის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა პირდაპირ კავშირშია მის მიერ 7 ქოტომბერს გაკეთებულ ღია და კრიტიკულ განცხადებასთან.

„ე ს კი პირდაპირი სამხილი და მტკიცებულებაა, რომ საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან და არა სამართლებრივ აქტთან,“ – აცხადებს ეკა ბესელია, „ -ბატონ ვაშაძეს შევახსენებ, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ზემოხსენებული სააგენტოს წარდგენის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ბრძანებულებით ან განკარგულების ფორმით.

7 ოქტომბრის მიმართვაში, რომლითაც თურმე შეიტყო საქართველოს ხელისუფლებამ, რომ  ბიძინა ივანიშვილის იმავდროულად აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა, ნათლად და გასაგებად აცხადებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომ  უარს ამბობს საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე და მზად არის, ჩააბაროს პასპორტები შესაბამისი პროცედურით.“

ივანიშვილის ადვოკატის მტკიცებით, ეს განცხადება ნიშნავდა იმას, რომ რაიმე პროცედურის დაწყება, მეტადრე გადაწყვეტილების მიღება მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე, მისგან დამოუკიდებლად დაუშვებელი და უკანონო იყო.

როგორც ბესელია ამტკიცებს, ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილს არ ჩაბარებია არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე.

„თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლისა, აღიარებულია დაინტერესებული მხარის უფლება, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების განხილვაში, რომელიც ადგენს, ცვლის, ზღუდავს ან აუქმებს მის უფლებებსა და მოვალეობებს. ასეთ პირს ეძლევა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა.

იმავე კოდექსის 98-ე მუხლი ადგენს დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას, ასევე უზრუნველყოფილია ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე არ არის ინფორმირებული ბატონი ბიძინა ივანიშვილი და, შესაბამისად, უცნობია, რა სამართლებრივი გადაყვეტილებაა ამ დროისთვის მიღებული მის მოქალქეობასთან დაკავშირებით.

ადმინისტრაციული წარმოების  ჩატარება  წარმოების წესების უგულვებელყოფით  შემაჯამებელი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველია,“ – ნათქვამია მილიარდერი ბიზნესმენის პირადი ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეკა ბესელია ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისგან კიდევ ერთხელ მოითხოვს კანონის მოთხოვნათა დაცვით  სამართლებრივი აქტის გაცნობას და ჩაბარებას ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის დაკარგვის საკითხთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის 7 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც თავისი სამომავლო პოლიტიკური გეგმები გაამხილა.

იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანშვილი საქართველოს მოქალაქეობა არ ექნება, ის მონაწილეობას ვერ მიიღებს არჩევნებში, ვერ ჩამოაყალიბებს და ვერ დააფინანსებს პოლიტიკურ პარტიას, რის გამოც მისი პოლიტიკური გეგმები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი