ახალი ამბები

ვაშაძე: ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად შეუწყდა

13 ოქტომბერი, 2011 • 1047
ვაშაძე: ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად შეუწყდა
ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ავტომატურად შეუწყდა, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განხორციელდა. ამ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ავრცელებს.  
“კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს რიგითი მოქალაქე, მდიდარი ან ღარიბი ადამიანი, თუ პრეზიდენტი, ან მათი ოჯახის წევრები… ჩვენ ადრეც არაერთხელ მოგვისმენია ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შინაარსის შემცველი გამოსვლა, თუმცა 2011 წლის 7 ოქტომბერს მის მიერ გავრცელებული განცხადება შეიცავდა ჩვენთვის საგულისხმო ახალ ინფორმაციას მის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების თაობაზე – კერძოდ, 2004 წლის შემდეგ, ანუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდგომ პერიოდში, საფრანგეთის მოქალაქეობის მოპოვების შესახებ,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ხათუნა იოსავას თქმით, სწორედ ეს  ახალი ინფორმაცია გახდა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის მიზეზი.
”7 ოქტომბრის განცხადებამდე, ჩვენთვის ცნობილი არ იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, საქართველოს კანონმდებლობით, ივანიშვილს მოქალაქეობა ავტომატურად ჩამოერთვა,” – ამბობს ხათუნა იოსავა “ნეტგაზეთთან” საუბარში.
ივანიშვილის პირადი ადვოკატის, ეკა ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა პრეზიდენტ სააკაშვილის 2004 წლის 10 ივნისის ბრძანების საფუძველზე მიიღო, ხოლო საფრანგეთის მოქალაქე 2010 წელს გახდა, რის შემდეგაც, 2011 წლის 29 ივნისს, ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი აიღო.
ბესელია ამბობს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად არ უქმდება, არამედ იქმნება საფუძველი, რათა დაიწყოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი ბრძანების გამოცემით უნდა მიიღოს, რაც, ადვოკატის თქმით, ივანიშვილს არ ჩაბარებია.
იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანშვილი საქართველოს მოქალაქეობა არ ექნება, ის მონაწილეობას ვერ მიიღებს არჩევნებში, ვერ ჩამოაყალიბებს და ვერ დააფინანსებს პოლიტიკურ პარტიას, რის გამოც მისი პოლიტიკური გეგმები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი