ახალი ამბები

პაატა ზაქარეიშვილი: ივანიშვილთან მჭიდრო თანამშრომლობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

12 ოქტომბერი, 2011 • • 1060
პაატა ზაქარეიშვილი: ივანიშვილთან მჭიდრო თანამშრომლობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია
პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

ბიძინა ივანიშვილთან “რესპუბლიკური პარტიის” შეხვედრა პაატა ზაქარეიშვილმა დადებითად შეაფასა.

“დავით ბერძენიშვილი და მე “რესპუბლიკური პარტიის” სახელით ბიძინა ივანიშვილს შევხვდით. პირველი შეხვედრის პირობებიდან გამომდინარე, საინტერესო შეხვედრა იყო: გულწრფელი საუბარი, არ იყო აკრძალული თემები, ყველა კითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, ან მან დაგვისვა, იყო გულახდილი. იყო ჩვენი მოსაზრებების გაზიარება და, რაც მთავარია, შევთანხმდით შემდეგ შეხვედრებზე. ანუ ჯერ საუბარი რაიმე კონკრეტულ, მჭიდრო თანამშრომლობებზე ნაადრევია, მაგრამ ის, რომ სურვილი არსებობს სამომავლო თანამშრომლობის, უკვე გამოიკვეთა,” – აღნიშნავს ზაქარეიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისივე თქმით, “რესპუბლიკელებსა” და ივანიშვილის პოლიტიკურ კურსს შორის რაიმე დიდი განსხვავებები არ არის.

“ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა მე პირველი შეხვედრიდან: ახალი კაცია პოლიტიკაში და მას უფრო მეტად აინტერესებდა ჩვენი ხედვები, ანუ ჩვენ კარგად გავეცანით, ვისთან შეიძლება გვქონდეს საქმე , თუ ეს საქმე შედგება,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

იგი ასევე თანახმაა, ითანამშრომლოს ბიძინა ივანიშვილის რჩეულ ალასანიას პარტია “თავისუფალ დემოკრატებთან” ახალ ფორმატში.

“ჩვენ ალასანიას პარტიასთან ორჯერ გვქონდა თანამშრომლობის ფორმა, ჯერ ალიანსის ფორმატში და მერე ექვსიანის ფორმატშიც და, შესაბამისად, გამოცდილება ერთად თანამშრომლობის უკვე გვაქვს. ჩვენ ამ ურთიერთობებს არ გავურბივართ. ჩვენი აზრით, რაღაც გარკვეულ უთანხმოებას ჰქონდა აქ ადგილი და აღნიშნული ფორმატების დაშლის იდეა მოდიოდა ბატონ ალასანიასგან. ამიტომ მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ, “რესპუბლიკელებს” რაიმე პრობლემა ალასანიასთან ამ ფორმატში  თანამშრომლობის საკითხში არ გვექნება,” – აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

“რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი და ეროვნული კომიტეტის წევრი პაატა ზაქარეიშვილი  ბიძინა ივანიშვილს ტაბახმელას რეზიდენციაში შეხვდნენ.  საუბარი მათ შორის ორ საათს გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი