ახალი ამბები

რესპუბლიკელები ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ

12 ოქტომბერი, 2011 • 1098
რესპუბლიკელები ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ

“რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი და ეროვნული კომიტეტის წევრი პაატა ზაქარეიშვილი  ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ.  საუბარი ორი საათი მიმდინარეობდა, იუწყება “რესპუბლიკური პარტია”.

“მომზადდა ნიადაგი პოლიტიკური კონსულტაციების დასაწყებად ბიძინა ივანიშვილსა და რესპუბლიკურ პარტიას შორის”, ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე “რესპუბლიკურმა პარტიამ” გაავრცელა განცხადება ბიძინა ივანიშვილის მიმართვებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ კონსულტაციებისთვის მზად არიან.

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. იგი თბილისში 22 ოქტომბერს დაბრუნდება.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც წერს: “რომელ პოლიტიკურ ძალებთან ვაპირებ თანამშრომლობას? პირველ რიგში, მინდა ვახსენო რესპუბლიკური პარტია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტიაა პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით. 

თანამედროვე ყაიდის საინტერესო და იმედისმომცემ პოლიტიკურ ორგანიზაციად ვთვლი პარტია “თავისუფალ დემოკრატებს”, ხოლო მისი ლიდერი ირაკლი ალასანია ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი წონადი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა”.

“რესპუბლიკელებთან” შეხვედრამდე ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას შეხვდა.


მასალების გადაბეჭდვის წესი