ახალი ამბები

გაურკვევლობა ივანიშვილის მოქალაქეობის გარშემო

12 ოქტომბერი, 2011 • • 1172
გაურკვევლობა ივანიშვილის მოქალაქეობის გარშემო

ბიძინა ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანშვილი საქართველოს მოქალაქეა და მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სამოქალაქო რეესტრმა კანონის დარღვევით მიიღო.

ეკა ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა პრეზიდენტ სააკაშვილის 2004 წლის 10 ივნისის ბრძანების საფუძველზე მიიღო, ხოლო, საფრანგეთის მოქალაქე 2010 წელს გახდა. მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილს აქვს 2011 წლის 29 ივნისს აღებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომლის ქსეროასლიც ეკა ბესელიამ ტელემაყურებელს აჩვენა. როგორც ადვოკატი ამბობს, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად არ უქმდება, არამედ იქმნება საფუძველი, რათა დაიწყოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი ბრძანების გამოცემით უნდა მიიღოს.

ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ დასახელებული მიზეზი, რომ მოქალაქეობა ბიზნესმენს 7 ოქტომბრის განცხადების მერე შეუწყდა, უსაფუძვლოა. ამ დღეს ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქის პასპორტებს აბრუნებდა და მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტს იტოვებდა.

ბესელიას თქმით, თუ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიგეს ივანშვილის საფრანგეთის მოქალაქეობის შესახებ, პროცედურულად და კანონის შესაბამისად, მათ უფლება არ ჰქონდათ მოქალაქეობა ისე შეეწყვიტათ, რომ მოლაპარაკება არ ეწარმოებინათ და არ ეკითხათ ბიძინა ივანიშვილისთვის. მითუმეტეს, რომ ამავე განცხადებაში, რომელსაც რეესტრი დაეყრდნო, ბიზნესმენი აცხადებდა, რომ მისთვის პრიორიტულია საქართველოს მოქალაქეობა და საფრანგეთისა და რუსეთის პასპორტებზე უარს ამბობდა. აქედან გამომდინარე, ადვოკატი ამტკიცებს, რომ არავის არა აქვს უფლება, მისი ეს ნება არ გაითვალისწინოს და მოქალაქეობა შეუჩეროს. ეკა ბესელიამ მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურებიც განმარტა საქართველოს კანონის შესაბამისად “მოქალაქეობი შესახებ.“

საქართველოს კანონში მოქალაქეობის შესახებ არის 35-ე და 36-ე მუხლები, რომლებიც ადგენს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურებს.

35-ე მუხლის მიხედვით, წარდგინება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე სააგენტოში შეაქვთ სასამართლოს, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ – შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

ამავე კანონის 36-ე მუხლის მიხედვით კი, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო.

თუ სააგენტოსთვის ამ კანონის 35-ე მუხლში მითითებულ უწყებათა მიერ წარდგინების შეტანის გარეშე გახდება ცნობილი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

კანონის 37-ე მუხლის მიხედვით კი, საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, მოქალაქეობის შეწყვეტისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებისა და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას.

როგორც ბესელია ამტკიცებს, მსგავსი ბრძანებულება მიხეილ სააკაშვილს ჯერ არ გამოუცია და ბიზნესმენს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ არანაირი ოფიციალური გადაწყვეტილება არ ჩაბარებია. ბიზნესმენის პირადი ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილს საქართველო ბოლო 4 წელი საერთოდ არ დაუტოვებია. გარდა ამისა, ის არის საქართველოს საპატიო კონსული სან-მარინოში და ახლაც სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით.

იუსტიციის სამინისტრომ 11 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა საფრანგეთის მოქალაქეობის გამო შეუწყდა.

“სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა,” – წერია იუსტიციის სამინსიტროს განცხადებაში.

დღესვე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა civil.ge-ის განუცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ყველა სამართლებრივი პროცედურა დასრულებულია.

თუმცა პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება ამ ეტაპისთვის არ იძებნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, რომელიც წარმოადგენს ოფიციალური იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტების სრულყოფილ მონაცემთა ბაზას და მოიცავს ყველა ნორმატიულ აქტს.

მოქალაქეობის არქონის შემთხვევაში ბიძინა ივანშვილის პოლიტიკურ გეგმებს საფრთხე დაემუქრება, რადგან საქართველოს მოქალაქეობის არქმონე პირი არჩევნებში ვერ მიიღებს მონაწილეობას, ასევე ვერ შექმნის და ვერ დააფინანსებს პოლიტიკურ პარტიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი