ახალი ამბები

აქუბარდია ივანიშვილს: “სხვა ეპოქა რომ იყოს, დუელში გამოგიწვევდით”

12 ოქტომბერი, 2011 • • 1841
აქუბარდია ივანიშვილს: “სხვა ეპოქა რომ იყოს, დუელში გამოგიწვევდით”

ტელეკომპანია “კავკასიის” მფლობელმა ნინო ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოაქვეყნა დავით აქუბარდიას პასუხი ბიძინა ივანიშვილისადმი, სადაც ტელეწამყვანი ბიზნესმენის ბრალდებებს პასუხობს და ტელეეთერში მიწვევის პირობასაც აძლევს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“უკვე რამდენიმე დღეა, მიწევს თქვენი ბრალდებების კითხვა ჩემი ტელეკომპანიის და პირადად ჩემ მიმართ. მიწევს ვუპასუხო კითხვებს,  რომლებზე სერიოზულად პასუხი მიჭირს. სამწუხაროა, რომ თქვენი პოლიტიკური მოღვაწეობა ჩემი ტელევიზიის და პირადად ჩემი ღირსების შეურაცხმყოფელი კამპანიით დაიწყეთ. არ ვიცი, რატომ აირჩიეთ ეს გზა, და რას ელოდებით ამ კამპანიის შედეგად. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ კაცი, რომელსაც წარმოდგენა აქვს ღირსებაზე, ასე ადვილად არ შეურაცხყოფს სხვა ადამიანის ღირსებას. თქვენგან განსხვავებით, თავის ქება მიჭირს და არ დავიწყებ იმის მოყოლას, რა ფასად დამიჯდა ამ ქვეყანაში ლამის ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის შენარჩუნება, იმ პერიოდში, როცა თქვენ ვანო მერაბიშვილით მოხიბლული მისი ძმაკაცი და პრაქტიკულად პარტნიორი ბრძანდებოდით. არც იმის მოყოლას დავიწყებ, რამდენიად მნიშვნელოვანი ფასეულობაა ჩემთვის პიროვნული თავისუფლება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამის სწორად გაგება შეგიძლიათ. პირდაპირ და მარტივად გეუბნებით: არ მჭირდება თქვენი ფული იმისათვის, რომ საკუთარი მრწამსი და თავისუფლება არ გავყიდო. ფულის მაძიებელთა რიგი თქვენს კარზე, ვფიქრობ, უკვე საკმაოდ გრძელია და ეს თანხა შეგიძლიათ მათ მოახმაროთ.

სხვა ეპოქა რომ იყოს, დუელში გამოგიწვევდით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ოცდამეერთე საუკუნეა, მე, ტელეწამყვანი, თქვენ კი პოლიტიკოსობის გზაზე დამდგარი ბიზნესმენი, გიწვევთ ჩემს გადაცემაში, ჩემს სტუდიაში, როგორც რიგით მოკვდავს რიგითი მოკვდავი. გპირდებით, რომ მოგეცემათ საშუალება, სრულად და გარკვევით გამოხატოთ თქვენი პოზიცია ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. გპირდებით, რომ დამოკიდებულება, რომელიც თქვენი უსაფუძვლო ბრალდებების და შეურაცხყოფის შედეგად ჩამომიყალიბდა, არ შემიშლის ხელს ობიექტური ვიყო თქვენ მიმართ. იგივე გირჩევთ თქვენც. მთელი ჩემი საქმიანობის მანძილზე მე ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საზოგადოების წინაშე მაკისრია. იმედია, თქვენც იგრძნობთ იგივე პასუხისმგებლობას და საზოგადოებას შეურაცხმყოფელი ფრაზებით სავსე გრძელ წერილებზე უფრო მეტს შესთავაზებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარწმუნებთ, კვარცხლბეკიდან გაკეთებულ ხმამაღალ განცხადებებს მალე გაუვა ყავლი, მე კი აღარ ვაპირებ სერიოზულად შევხედო ბრალდებებს, რომლებიც უკვე პიროვნულ აკვიატებას ემსგავსება.  ველი თქვენს პასუხს ჩემს შემოთავაზებაზე,” – წერს დავით აქუბარდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი