ახალი ამბები

რესპუბლიკელები ივანიშვილთან კონსულტაციებისთვის მზად არიან

12 ოქტომბერი, 2011 • 1141
რესპუბლიკელები ივანიშვილთან კონსულტაციებისთვის მზად არიან
რესპუბლიკურმა პარტიამ გაავრცელა განცხადება  ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.

პარტია თავის განცხადებაში ბიძინა ივანიშვილის 12 ოქტომბრის ღია წერილს უწოდებს  “შინაარსითაც და სტილითაც” ახალ და მნიშვნელოვან მოვლენას საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

“რესპუბლიკური პარტია ყოველთვის მზად იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, თავისუფლების, სამართლიანობის და დემოკრატიის ღირებულებების ერთგულ ძალებთან თანამშრომლობისთვის. ჩვენი გამოცდილება ამ მხრივ არ არის ერთგვაროვანი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენთვის ფუნდამენტური პრინციპები პარტნიორისთვის მხოლოდ მიმდინარე ტაქტიკური ამოცანების გადაწყვეტის საშუალება აღმოჩენილა.

ამით იყო განპირობებული ჩვენი სიფრთხილენარევი ოპტიმიზმი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის საწყის ეტაპზე. ჩვენ მასთან არ გვქონია საქმიანი თუ პირადი ურთიერთობა, თავადაც ყოველნაირად თავს არიდებდა საზოგადოების წინაშე გამოჩენას და ამიტომ კარგად არ ვიცნობთ მის პოლიტიკურ ხედვებს და სამოქალაქო პოზიციებს.

ბოლო დღეებში მისი განცხადებებიდან რაც შევიტყვეთ, უაღრესად საყურადღებო და მნიშვნელოვანია. არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს. მაგრამ არსებული ვითარების შეფასება და მომავლის ხედვა ჩვენთვის ძირითადად მისაღებია. ამიტომ, მზად ვართ, საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების ფართო სპექტრზე კონსულტაციებისთვის, რის შემდეგაც, შესაძლოა, გამოიკვეთოს თანმშრომლობის კონკრეტული კონტურები”, – ნათქვამია საქართველოს რესპუბლიკური პარტიის 12 ოქტომბერს გავრცელებ განცხადებაში.

რესპუბლიკელები მიმართავენ  საქართველოს პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილს და მის მმართველ გუნდს, “შეწყვიტონ პოლიტიკურ კონკურენტებთან უღირსი მეთოდებით ბრძოლა და ქართველ ხალხს მისცენ საშუალება, თავისუფალი არჩევანის გზით განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის მომავალი”.

დღეს ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც აცხადებს, რომ ერთ-ერთი პარტია, ვისთანაც ითანამშრომლებს, საქართველოს რესპუბლიკური პარტიაა.

“პირველ რიგში მინდა ვახსენო რესპუბლიკური პარტია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტია, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით”,- ასე დაახასიათა თავის წერილში ივანიშვილმა რესპუბლიკელები.

ბიძინა ივანიშვილმა 5 პქტომბერს განაცხადა, რომ აპირებს პარტიის ჩამოყალიბებას და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი