ახალი ამბები

კაციტაძე: ძალიანაც რომ გვთხოვოს ივანიშვილმა, მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ

12 ოქტომბერი, 2011 • 1101
კაციტაძე: ძალიანაც რომ გვთხოვოს ივანიშვილმა, მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ

“მე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ე.წ. ღია წერილს ნამდვილად ვერ აღვიქვამ პოლიტიკური დატვირთვის ღირებულების მქონე დოკუმენტად, ეს უფრო ჭორაობას ჰგავს”, – აცხადებს “ახალი მემარჯვენეების” ერთ–ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისი თქმით, პარტიამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ არავისთან თანამშრომლობას არ აპირებს და მარტო ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის.

“ჩვენ რომ გვეთხოვა ივანიშვილისთვის თანამშრომლობა და უარი ეთქვა, კიდევ გავიგებდი, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია და ძალიანაც რომ გვთხოვოს ივანიშვილმა მასთან თანამშრომლობას, არ ვაპირებთ”,– განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

რაც შეეხება სხვა განცხადებებს, კაციტაძის თქმით, ეს მხოლოდ ივანიშვილის პირადი მოსაზრებებია:

“მას ნახსენები ჰყავს თავისი ფავორიტები, როგორც ხელისუფლებაში, ასევე, ოპოზიციაში. ვუსურვებ წარმატებებს ივანიშვილიდან დაწყებული ყველა იმ ადამიანთან თანამშრომლობაში,  ვინც ახსენა”, – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც “ახალი მემარჯვენეები” ფსევდოოპოზიციურ პარტიად მოიხსენია.

“ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ”, – ნათქვამია ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი