ახალი ამბები

უტიაშვილი: “ივანიშვილის განცხადების სერიოზულად შეფასება შეუძლებელია”

12 ოქტომბერი, 2011 • • 1052
უტიაშვილი: “ივანიშვილის განცხადების სერიოზულად შეფასება შეუძლებელია”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის  მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადების “სერიოზულად შეფასება არ შეიძლება.”

ბიზნესმენმა ბიძინა ივანშვილმა დღეს, 12 ოქტომბერს, გამოქვეყნებულ განცხადებაში მიმართა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს და განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე 1.5 წლით ადრე ბიზნესმენმა საქართველოს ხელისუფლებას გადააფიქრებინა ცხინვალში ჯარის შეყვანა.

“გახსოვს, ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი, რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება.

ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ.

ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ.

მე მაშინ შევძელი ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა.
სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც შენ გამოხატავდი ჩემი მისამართით. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც გეგმავდა, წმინდაწყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა: _ ხომ შეიძლება, თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა ვქნათო?

– სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქოთ ეს ტერიტორია, ხელი არ ახლოთ არაფერს – მეთქი, გავაფრთხილე.

მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა,” – წერს ბიძინა ივანშვილი თავის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი