ახალი ამბები

“ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტი სამსახურში არ გამოჩენილა

12 ოქტომბერი, 2011 • • 1210
“ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტი სამსახურში არ გამოჩენილა

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტი გიორგი ჩრდილელი დღეს დილით სამსახურში არ მისულა. ამის შესახებ ნეტგაზეთს “ქართუ ჯგუფში” განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ მილიარდერმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანშვილმა დღეს გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც გიორგი ჩრდილელი საქართველოს ხელისუფლების აგენტობაში ამხილა. ბიზნესმენი წერილში შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს მიმართავს:

“მთელი მთავრობა, მთელი სახელისუფლო გუნდი გაოგნებული ხართ, თუ რატომ გაიგეთ ასე დაგვიანებით ინფორმაცია ჩემი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ.

საქმე ის არის, მე ვისარგებლე ჩემს ორგანიზაციაში თქვენ მიერ დავერბოვკებული თქვენი აგენტის უფასო “მომსახურებით“, რომელსაც პერიოდულად ვარწმუნებდი, რომ პოლიტიკაში არასოდეს არ მოვიდოდი, რომ ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებდა და მალე საქართველოსაც დავტოვებდი. თქვენი აგენტიც იჯერებდა ჩემს ნათქვამს და მერე თქვენც გარწმუნებდათ, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია. თქვენც მშვიდად და არხეინად ბრძანდებოდით, ამიტომაც იყო შოკის მომგვრელი და თავზარდამცემი ჩემი განცხადება თქვენთვის,”- წერს ივანიშვილი.

გიორგი ჩრდილელი წლებია “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტი და “ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. სწორედ “ქართუ ჯგუფი” მართავს ბიზნესმენ ივანიშვილის ყველა ქართულ ბიზნესპროექტს 1996 წლიდან.

სამეწარმეო რეესტრში “ქართუ ჯგუფის” შესახებ ამონაწერში ცვლილებები ჯერჯერობით არ შესულა, ასევე არ შეცვლილა “ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შესახებ ინფორმაცია. ორივე თანამდებობაზე ჯერ კიდევ გიორგი ჩრდილელია მითითებული. როგორც ბიზნესმენი წერს, გიორგი ჩრდილელმა ღია წერილის მედიაში გამოქვეყნებამდე არ იცოდა, რომ “გაიშიფრა” და ამას ის სწორედ მედიასაშუალებებიდან გაიგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი