ახალი ამბები

რომელ პოლიტიკურ პარტიასთან აპირებს ივანიშვილი თანამშრომლობას

12 ოქტომბერი, 2011 • • 1050
რომელ პოლიტიკურ პარტიასთან აპირებს ივანიშვილი თანამშრომლობას
ბიძინა ივანიშვილი “რესპუბლიკურ პარტიასთან” და “თავისუფალ დემოკრატებთან” აპირებს თანამშრომლობას.  

“პირველ რიგში მინდა ვახსენო რესპუბლიკური პარტია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტია, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით.

თანამედროვე ყაიდის საინტერესო და იმედისმომცემ პოლიტიკურ ორგანიზაციად ვთვლი პარტია “თავისუფალ დემოკრატებს”, ხოლო მისი ლიდერი ირაკლი ალასანია ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი წონადი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა. “რესპუბლიკელებისგან” განსხვავებით, ირაკლი ალასანიასთან და მის პარტიასთან შეკითხვები არ მაქვს.
ცხადია, ამ მიმართვაში ყველა იმ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ორგანიზაციას ვერ ჩამოვთვლი, ვისთანაც თანამშრომლობას ვაპირებ.

უახლოეს ხანებში დრო ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს და ჩვენი მომავალი პარტნიორების სიაც უფრო დაზუსტდება და დაკონკრეტდება.
“რესპუბლიკურ პარტიასთან” მართლაც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ჩემი განცხადების შემდეგ “რესპუბლიკური პარტიის” რამდენიმე წევრმა ჩემ მიმართ ძალზე აგრესიული კომენტარები გააკეთა.
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან ბერძენიშვილს მინდა ვკითხო:
იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ “ალია-ჰოლდინგის” საშუალებით შემოგვიტია და ლაფის სროლა დაგვიწყო, ლევან ბერძენიშვილმა ორჭოფული პოზოცია დაიკავა და მრავალმნიშვნელოვანი ტონით განაცხადა, მე ვიცი, საიდან იშოვა ფული ივანიშვილმა და არ ამალაპარაკოთ ახლაო.
ჩვენ ამას მაშინვე გამოვეხმაურეთ და განმარტება მოგთხოვეთ, მაგრამ პასუხს თავი აარიდეთ.

თუ თქვენ მართლაც იცით კონკრეტული რამ, კეთილი ინებეთ და ღიად, საჯაროდ მითხარით, თუ არადა, ამ არაფრისმთქმელ ნართაულებს თავი დაანებეთ, ბატონო ლევან!

დიდ ბოდიშს ვიხდი, სამგზის ვიხდი ბოდიშს, მაგრამ აქვე მინდა ყველა ოპოზიციურ პარტიას დავუსვა ერთი საერთო და ყველასათვის სავალდებულო კითხვა: _ რით არსებობთ თქვენ და საიდან იღებთ პარტიის შესანახ თანხებს, თუ ეს თანხები გაგაჩნიათ?
გულუხვ მეგობრებზე აქცენტის გაკეთება არ იკმარებს _ ამ “არგუმენტს” ვერ მივიღებ!
ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და სანამ ზუსტი ინფორმაცია არ მექნება, თანამშრომლობაც ვერ შედგება,” – აღნიშნულია წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი