ახალი ამბები

ივანიშვილი “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტს ჯაშუშობაში ამხელს

12 ოქტომბერი, 2011 • • 1660
ივანიშვილი “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტს ჯაშუშობაში ამხელს

მილიარდერმა ბიზნესმენმა შსს-ს აგენტობაში “ქართუ ჯგუფის” დირექტორი გიგა ჩრდილელი ამხილა. ამის შესახებ ბიძინა ივანშვილი დღეს, 12 ოქტომბერს, გამოქვეყნებულ ღია წერილში წერს, სადაც სხვებთან ერთად შს მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც მიმართავს.

“ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, ვანო!

ვიცი, მთელი მთავრობა, მთელი სახელისუფლო გუნდი გაოგნებული ხართ, თუ რატომ გაიგეთ ასე დაგვიანებით ინფორმაცია ჩემი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ.

საქმე ის არის, მე ვისარგებლე ჩემს ორგანიზაციაში თქვენ მიერ “დავერბოვკებული” თქვენი აგენტის უფასო “მომსახურებით“, რომელსაც პერიოდულად ვარწმუნებდი, რომ პოლიტიკაში არასოდეს არ მოვიდოდი, რომ ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებდა და მალე საქართველოსაც დავტოვებდი. თქვენი აგენტიც იჯერებდა ჩემს ნათქვამს და მერე თქვენც გარწმუნებდათ, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია. თქვენც მშვიდად და არხეინად ბრძანდებოდით, ამიტომაც იყო შოკისმომგვრელი და თავზარდამცემი ჩემი განცხადება თქვენთვის.

თქვენ ეს ადამიანი ახლა კი არა, სამი წლის წინათ გადაიბირეთ, ანუ მაშინ, როცა ჩვენ შორის ჯერ კიდევ ნორმალური ურთიერთობა იყო.

ასეთები ხართ თქვენ. ასეთი ზნე გაქვთ – დანდობა და სიყვარული არ იცით!

თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია. ის ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს.

ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ.

„ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე, ვლაპარაკობდი…

თქვენთვის ამის გაგება დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ გაფრთხილებთ, ყველა თქვენი მცდელობა ჩვენ გარშემო ჯაშუშური ქსელის ხლართვისა, ზუსტად ისეთი კრახით დამთავრდება, როგორც ეს დამთავრდა,” – წერს ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანშვილი ღია წერილში იხსენებს ვანო მერაბშვილთან ურთიერთობის დეტალებს და მას სხვადასხვა სახის რჩევებსაც აძლევს. წერილის ამ მონაკვეთს უცვლელად გთავაზობთ:

მინდა, მივმართო მერაბიშვილს, რომელსაც ვიცნობ, როგორც კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას,“ – ასე მიმართავს მილიარდერი ბიძინა ივანშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ღია წერილში, რომელიც დღეს, 12 ოქტომბერს, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა.

„მერაბიშვილმა დიდი შრომის შედეგად მოახერხა და შექმნა გამართული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით. საპატრულო პოლიციამ თუ სხვა ძალოვანმა სტრუქტურულმა დანაყოფებმა, რომლებსაც ის სადამსჯელო, ჯალათური ფუნქცია რომ მოვაშოროთ, შეიძლება საზოგადოებისთვის ძალზე სასარგებლო როლი ითამაშონ,“ – წერს ბიძინა ივანშვილი, „ – მერაბიშვილი ხშირად მაოცებდა ხოლმე ეკონომიკის სფეროში საკმაოდ სერიოზული კომპეტენტურობით, თუმცა მეც ბევრჯერ გამიოცებია იგი ჩემი პროფესიიდან შორს მდგარი ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას.
საკმაოდ ბევრი ფაქტიდან მხოლოდ ერთს შევახსენებ ვანო მერაბიშვილს.

გახსოვს, ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი, მისთვის რომ გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება.

ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ.

ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ.
მე მაშინ შევძელი ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა.
სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც შენ გამოხატავდი ჩემი მისამართით. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც ის გეგმავდა, წმინდაწყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა: _ ხომ შეიძლება, თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა ვქნათო? 
_ სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქოთ ეს ტერიტორია, ხელი არ ახლოთ არაფერს – მეთქი, გავაფრთხილე.

მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა.

ჩემო ვანო, ერთი ამბავიც მინდა გაგახსენო და ამით დავამთავრებ.
ვარდების რევოლუციიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ სააკაშვილი სპეციალურად ჩამოფრინდა ბობოყვათში ჩემთან შესახვედრად (მე იმ დროს ურეკში ვიყავი) და მითხრა, მერაბიშვილი უნდა გავუშვაო.

მე მაშინ ყველაფერი გავაკეთე, რომ სააკაშვილს შენი გაშვება გადაეფიქრებინა. მე ის დავარწმუნე, რომ შენ ბუნებით ერთგული კაცი ხარ, გონიერი ორგანიზატორი და წინდახედული მენეჯერი.
სააკაშვილმა მაშინ დამიჯერა და არც უნანია, რაც უდავოდ შენი დამსახურებაა. მე მისთვის არასოდეს არ მიმიცია ცუდი რჩევა, არც მისთვის, არც შენთვის.

ახლა კი კიდევ ერთი რჩევა მინდა მოგცე – ურჩიე სააკაშვილს, რომ დროზე გადადგეს!
სააკაშვილი დაიღალა, გამოიფიტა და ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც უფსკრულისკენ მიაქანებს, შენ და შენი მასწავლებელი ადეიშვილი კი მას დათვურ სამსახურს უწევთ და ძალაუფლებას უნარჩუნებთ.

ეს არ არის გამოსავალი, ეს არ შეიძლება მარადიულად გაგრძელდეს და ასე, ძალისმიერი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ერთ საბედისწერო დღეს შეიძლება დიდი კატასტროფით დამთავრდეს.

ურჩიე სააკაშვილს, რომ გადადგეს! ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მას საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება მიეცეს.

თუ სააკაშვილი შენს რჩევას ყურად არ იღებს, მაშინ შენ თვითონ გადადექი, რადგან შენთვისაც ეს ყველაზე საუკეთესო გამოსავალია და ამით შენ დარჩები საქართველოში საპატივცემულო და ღირსეულ ადამიანად.”

ივანიშვილის ღია წერილის სხვა მნისვნელოვან მონაკვეთებს ნეტგაზეთი პერიოდულად შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე:

ივანიშვილი: “მიშა, ბრეჟნევს დაემსგავსე!”

ივანიშვილი “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტს ჯაშუშობაში ამხელს

ქართველი მილიარდერის საქართველოს მოქალაქეობა

ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია

ივანიშვილმა მოქალაქეობის შეწყვეტის ამბავი ჟურნალისტებისგან გაიგო

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

პირველი არხი ივანიშვილს საეთერო დროს დაუთმობს

ივანიშვილს ტელეკომპანიების შეძენა სამმაგ ფასად სურს

5.5 მილიარდით საქართველოს პოლიტიკაში


მასალების გადაბეჭდვის წესი