ახალი ამბები

ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია

11 ოქტომბერი, 2011 • • 1081
ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია

ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს ბრძანებულება ჯერ არ გამოუცია, განუცხადა ნეტაზეთს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა კახა კოჟორაძემ.

იურისტის თქმით, “სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად გაუქმებას არ ნიშნავს.” როგორც კახა კოჟორაძე ამბობს, მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოსცეს შესაბამისი ბრძანებულება და ეს კანონმდებლობით რეგულირედება. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით, მსგავსი ბრძანებულება გამოცემული არ აირს.

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.

“სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა,” – წერია იუსტიციის სამინსიტროს განცხადებაში.

მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან შეიტყო ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა, სადაც ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ “საქმეში გაერკვევიან” და ვრცელ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

რუსეთში მოღვაწე მილიარდერმა ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება 7 ოქტომბერს გააკეთა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ამავე განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ ის აპირებს ჩააბაროს საფრანგეთის და რუსეთის პასპორტები, გაყიდოს ბიზნესი რუსეთში და პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყოს საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი