ახალი ამბები

ევროკომისრის ანგარიში სიძულვილის ენაზე, უმცირესობებსა და სასამართლოზე

19 აპრილი, 2016 • 1422
ევროკომისრის ანგარიში სიძულვილის ენაზე, უმცირესობებსა და სასამართლოზე

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის, ნილს მუჟნიესკის 2016 წლის ანგარიშში საუბარია სიძულვილის ენის გახშირებულ გამოყენებაზე, უმცირესობების უფლებებსა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე.

ევროკომისარმა ეს ანგარიში 2016 წლის მარტში მოამზადა, ხოლო მასში გასული წლის მოვლენებია მიმოხილული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისარი მიესალმება მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ნაწილში, თუმცა არსებობს კითხვები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

კომისარმა საქართველოს ხელსუფლებას მოუწოდა, რომ მოსამართლეთა შერჩევა და დანიშვნა იყოს გამჭვირვალე, მათ კვალიფიკაციაზე დაფუძნებული და მათი არჩევის კრიტერიუმები იყოს ცხადად გაწერილი.

კომისრის აზრით, მოსამართლეებს შორის საქმის ავტომატური განაწილების პრინციპის დანერგვა გააუმჯობესებს სასამართლოს მუშაობას და იქნება უკეთესი დამცავი მექანიზმი მოსამართლეებისათვის, განსაკუთრებით, მაღალი ინტერესის მქონე საქმეების განხილვისას.

ანგარიშში საუბარია კონკრეტული შესაძლო შემთხვევების შესახებ და აღნიშნულია, რომ მოსამართლეები იყვნენ ზეწოლის ქვეშ: მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევა და  პირველი ინსტანციის მოსამარლეების გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვისას.

კომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოსამართლეების წინააღმდეგ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შემთხვევბი გამოიძონ, რათა არ დარჩეს დაუსჯელობის აღქმა.

კომისარი საუბრობს იმის შესახებაც, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურად მოტივირებულ მიკერძოებულ მოპყრობას ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. კომისარი აღნიშნავს, რომ პროკურატურის მოქმედებები თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისაგან.

ახალმა ცვლილებებმა გააუმჯობესა პროკურორის შერჩევის, დანიშვნისა და დათხოვნის პროცედურები, თუმცა მაინც რჩება კითხვები მართლმსაჯულების სისტემის ამ მნიშვნელოვანი ორგანოს მუშაობის შესახებ, წერია ანგარიშში.

კომისარს მიაჩნია, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები პროკურატურის მიუკერძოებლობისა და სანდოობის ამაღლების მიმართულებით. კომისარი ასევე საუბრობს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე და ახსენებს ადვოკატ მამუკა მდინარაძის ცემის ფაქტს პოლიციის შენობაში. ასევე საუბარია ქობულეთში პოლიციელების მხრიდან განმეორებითი ძალადობის შესახებ.

კომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გააძლიეროს ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედება და მიიღოს კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხლავს. კომისარი მიუთთებს, რომ სახალხო დამცველს უნდა შეეძლოს დისკრიმინაციის შემთხვევების შესწავლა და მისი სანქციები უნდა შეეხოს კერძო სექტორსაც. ასევე საუბარია იმი შესაებ, რომ სასამართლოსთვის მიმართვის პერიოდი უნდა გახანგრძლივდეს.

კომისარი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა სიძულვილის ენის გამოყენებისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევები, რა დროსაც სამართლებრივი შესაძლებლობები რასიზმის, შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ.

კომისრის განმარტებით, ლგბტი პიროვნებებისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები,  რომლებიც საკუთარ თავს იცავენ, უნდა გამოძიონ ეფექტურად და დაისაჯონ კანონის შესაბამისად, განსაკუთრებით, 2013 წლის 17 მაისის ინციდენტში მონაწილეები.

კომისარი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2014 წლის შემდეგ, რელიგიურ უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირების დროს, რაც საკუთრებისა და სალოცავი ადგილის საკითხებს უკავშირდება, რელიგიური უმცირესობა, უმეტესად მუსლიმები და იეჰოვას მოწმეები, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

კომისარი საუბრობს იმის შესახებ, რომ რელიგიური თავისუფლების არაკანონიერი შეზღუდვის შემთხვევები, კონკრეტულად კი, ძალადობრივი ქმედებები, უნდა გამოიძიონ და კანონის შესაბამისად დასაჯონ ამ ქმედებებში მონაწილე ადამიანები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნიგვზიანსა და სამთაწყაროში მომხდარი შემთხვევბის გამოძიება უნდა დასრულდეს.

“მარგინალიზაცია და გაუცხოება უმცირესობებისა საზოგადოებრივი ერთსულოვნებისთვის საფრთხის შემცველია”, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომისარი ასევე შეეხო ბათუმის გარეუბანში, ე.წ.. ოცნების ქალაქს, სადაც ძირითადად  აჭარის მაღალმთანი სოფლებიდან ჩამოსახლებული ადამიანები ცხოვრობენ.

კომისარი აცხადებს, რომ “ოცნების ქალაქში” არის შეუსაბამო საყოფაცხოვრებო პირობები, არ აქვთ კანალიზაცია და წყალგაყვანილობა,  ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამებზე.

კომისარი მიმართავს პასუხისმგებელ პირებს, რომ “ოცნების ქალაქის” მცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასონ და დაეხმარონ მათი საჭიროებების მიხედვით,

მასალების გადაბეჭდვის წესი