ახალი ამბები

აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება

10 ოქტომბერი, 2011 •
აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება
თბილისში, აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. ამ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2009 წლის ბოლოს დაწყო.
”თბილისის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელის, გიორგი საბანაძის თქმით, შენობებს გაუმაგრდათ საძირკვლები და მიწისზედა კონსქტრუქციები, გამოუცვალეს სახურავები და განუახლეს ფასადები:
”ზოგიერთი შენობის რესტავრაცია დასრულებულია, ზოგი კი დასრულების პირასაა. თვის ბოლოს 60 სახლის რესტავრაცია დასრულებული იქნება.”

საფეხმავლო გამზირად აღმაშენებლის ქუჩა არ გადაკეთდება. გიორგი საბანაძის თქმით, ქუჩაზე ჩვეულებრივ იქნება საავტომობილი გზა: ”მოხდება მანქანების მოძრაობის რეგულირება, რომ არ მივიღოთ იგივე სურათი, რაც აქამდე არსებობდა. გადავხედავთ ტრანსპორტის მოძრაობის სქემებს, ასევე, პარკირების ადგილებს.”

აღმაშენებლის გამზირზე განახლდა სოკოს ბაღი და ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერი. 136 ნომრის წინ შენდება პატარა სკვერი. იგეგმება საფეხმავლო სივრცისა და სატრანსპორტო გზის მოკირწყლვა.

გარდა ამისა, აღმაშენებლის გამზირზე მოწესრიგდა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა:  
”მთლიანად შეიცვალა საკანალიზაციო ქსელი და შიდა წყალგაყვანილობა. აშენდა სანიაღვრე კოლექტორი, რომელიც არ იყო გამზირის მთელი არსებობის განმავლობაში.  სწორედ მოუწესრიგებელი მიწისქვეშა კომუნიკაციები იყო ძირითადი მიზეზი ამ შენობების ავარიულობისა”, – ამბობს საბანაძე.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოთხი კომპანია აწარმოებს, მათგან ორია ”ინსი” და ”არტესი”.

აღმაშენებლის  გამზირის მცხოვრებლები სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას მოუთმენლად ელიან. გარდა იმისა, რომ აქ საავტომობილო გზები გადაკეტილია, დისკომფორტს ქმნის მტვერი და ქვიშა. ამ ქუჩაზე განლაგებულ ზოგიერთ მაღაზიას სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, როგორც იქ მომუშავე გამყიდველები აცხადებენ, პრობლემები შეექმნა: ”მყიდველები აღარ შემოდიან. ამიტომ ბევრი მაღაზია სხვაგან გადავიდა”.

განსხვავებულ პრობლემებზე საუბრობს ხელოვნებათმცოდნე, თბილისზე მზრუნველთა გაერთიანების, ”ტფილისის ჰამქრის” წევრი თამარ ამაშუკელი: ”პროექტები, რომელთა მიხედვითაც ზოგიერთ შენობას აგებენ, ამოღებულია არქივიდან, ეს პროექტები იმ დროს, როცა შეიქმნა, არ განხორციელებულა. მოდერნი მნიშვნელოვანი იმ დროისთვის იყო, მაშინ, როცა ეს მიმდინარეობა განვითარდა, მე-20 საუკუნის დასაწყისში. ახლა, ამ ეტაპზე კი მე-20 საუკუნის შენობების აგება რამდენად მიზანშეწონილია, არ ვიცი.
როდესაც რაიმე შენობა არის კულტურული მემკვიდრეობა, მნიშვნელოვანია მისი ნებისმიერი დეტალი: ფასადი, კარი, ფანჯარა და ა.შ. მაგალითად, აღმაშენებლის 93 ნომერში იყო ძველი კარი, რომელიც ჩამოხსნეს და თითქოს ისევ ისეთივე გააკეთეს. მაგრამ რეალურად ეს ახალი კარი ძველისგან ძალიან შორს დგას. ასევე, თითქმის ყველგან ჩამოხსნეს ძველი აივნები და შენობებს ახალი აივნები მიუკეთეს, ჩამოხსნეს ნალესობა და შელესვა თავიდან მიმდინარეობს. ეს დეტალები მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდისთვის, იმ სტილისთვის. ახლა კი ეს აბსოლუტუად სხვა მოცემულობაა. წარმოიდგინეთ, რომელიმე ფერწერული ნამუშევარი, მხოლოდ იმიტომ, რომ დაზიანებულია, ჩამოვფხიკოთ და ახალი დავხატოთ. ეს აღარ იქნება ორიგინალი, ეს იქნება ასლი. შენობა კარგავს ავთენტურობას და ჩნდება კითხვა, არის თუ არა ის კულტურული ძეგლი. სამწუხაროდ, დღეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები, არის პროცესი, რომლის უკან დაბრუნება შეუძლებელია. ”

თამარ ამაშუკელის თქმით, ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს არამარტო ქალაქის მთავრობა და სპეციალისტები, არამედ ის საზოგადოება, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს.

გიორგი საბანაძეს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს. მისი თქმით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები დროულია და ისტორიული შენობების შენარჩუნებას ემსახურება:
”შენობების რეაბილიტაცია საარქივო ფონდის მასალების საფუძველზე ხდება. ჩვენ ამოვიღეთ ძველი მასალები, ვნახეთ როგორი სახე ჰქონდა ამა თუ იმ შენობას, რამდენჯერ გადაკეთდა და შეიცვალა საბჭოთა ეპოქაში და ზუსტად პირვანდელი იერსახე დავუბრუნეთ. ამ მასალებს ნებისმიერ მსურველს ვაჩვენებთ. დიდი ინტერესით მოვისმენ რეკომენდაციებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი