ახალი ამბები

პირველი არხი ივანიშვილს საეთერო დროს დაუთმობს

10 ოქტომბერი, 2011 • 1321
პირველი არხი ივანიშვილს საეთერო დროს დაუთმობს

პირველი არხი მზადაა, ეთერი დაუთმოს ბიძინა ივანიშვილს. განცხადებას ამის თაობაზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოსვლა ბიძინა ივანიშვილმა თავად მოითხოვა. ბუნებრივია, მაუწყებელს მის ამ მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს. დღეს შედგა შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ირაკლი ტრიპოლსკის შორის, რომელზეც მაუწყებელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მზადაა, ეთერი დაუთმოს ივანიშვილს არსებული თოქშოუების ფარგლებში,” – ნათქვამია განცხადებაში.

მაუწყებლის მოთხოვნაა, რომ სტუდიაში პირადად მივიდეს ივანიშვილი და არა რომელიმე მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ასევე, ივანიშვილთან ინტერვიუ პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს მაუწყებლის სტუდიიდან.

“ამ წინადადებებზე ივანიშვილის პრესსამსახურის მხრიდან ველოდებით პასუხს”, – აცხადებენ საზოგადოებრივ მაუწყებელში.

განცხადება იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად არის,  14 ოქტომბერს საზოგადოებრივ არხზე ჟურნალისტთა შეკითხვებს ნებისმიერ ფორმატში უპასუხოს, ივანიშვილის პრეს–მდივანმა 8 ოქტომბერს გაავრცელა. ამავე განცხადების შესაბამისად, ივანიშვილმა 12 ოქტომბერს მორიგი მიმართვა უნდა გაავრცელოს, სადაც ნათლად იქნება განმარტებული მისი დამოკიდებულება პოლიტიკური სუბიექტების, მედიასაშუალებებისა და სხვა პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი