ამის შესახებ დღეს NDI–ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური საკითხები უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს.
“მიუხედავად შედარებით დადებითი განწყობისა დემოკრატიული განვითარების მიმართ, მოქალაქეები ხელისუფლებისგან უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას ითხოვენ,” – განაცხადა ნავარომ.
კვლევა მიმდინარე წლის 9–21 სექტემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 425 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს გზით გამოიკითხა.
2011 წლის სექტემბრის მონაცემებით, გამოკითხულთა 62 პროცენტი პრიორიტეტულ საკითხად სამუშაო ადგილების შექმნას მიიჩნევს, 42 პროცენტი – ფასების ზრდას, 31 პროცენტი ტერიტორიულ მთლიანობას და 31 პროცენტი სიღარიბეს ასახელებს.