ახალი ამბები

უსახელო მასწავლებლები საფრანგეთის პრეზიდენტთან

7 ოქტომბერი, 2011 • 917
უსახელო მასწავლებლები საფრანგეთის პრეზიდენტთან
თავისუფლების მოედანზე საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების სიტყვით გამოსვლას ათასობით მოქალაქე დაესწრო. მათ შორის მასწავლებლების და საჯარო მოხელეების განსაკუთრებული სიმრავლე იყო, როგორც რეგიონებიდან, ასევე თბილისიდან.
საქართველოს რეგიონებიდან   სპეციალური ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები  დედაქალაქისკენ დილითვე დაიძრნენ.  მათ ჰქონდათ სპეციალური საშვები, რომელზეც საქართველოსა და საფრანგეთის დროშები იყო გამოსახული.

ადგილობრივი საჯარო მოხელეები და მასწავლებლები ძირითადად ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტის დასახვედრად ჩამოვიდნენ.  7 სექტემბერი უქმე დღედ მხოლოდ თბილისში გამოცხადდა, ამიტომაც რეგიონების საჯარო სკოლები უმეტესწილად 5 მასწავლებლითა და დირექტორებით იყო წარმოდგენილი. ისინი ერიდობოდნენ რეპორტიორებთან საუბარს, განსაკუთრებით ვიდეო და აუდიოინტერვიუებს და არც ერთ მათგანს არ სურდა თავისი ვინაობის იდენტიფიცირება. “ნეტგაზეთის” რეპორტიორებთან ზოგი მათგანი აცხადებდა, რომ თავისი სურვილით ჩამოვიდა თბილისში, რადგან აინტერესბდათ პრეზიდენტ სარკოზის მოსმენა.  თუმცა იყვნენ ისეთი პედაგოგებიც, რომლებიც ამბობდნენ: “ხომ იცით, არა, როგორადაც ჩამოვედით?”.

თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტების შესახვედრად მხოლოდ რეგიონებში არ შეუკრებიათ მასწავლებლები.

“სკოლაში ამ გამოსვლისთვის ყველას პირადობის ნომრები და მისამართები ამოიწერეს და მოგვთხოვეს აქ გამოვცხადებულიყავით. თან გაგვაფრთხილეს, გამოუცხადებლობის შემთხვევაში სკოლაში პრობლემები შეგვექმნებოდა. აქ ახლა ჩემი სურვილით არ ვარ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ერთ–ერთმა ანონიმმა მასწავლებელმა თბილისიდან.

თავისუფლების მოედანზე  ე.წ სექტორები იყო მონიშნული მიწაზე, სადაც ხალხის შეკრებაზე პასუხისმგებელი კოორდინატორები საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ ხალხს ანაწილებდნენ.

მონიშნული ადგილი თავისუფლების მოედანზე
მონიშნული ადგილი თავისუფლების მოედანზე

შეგახსენებთ, ნაციონალური ტელეკომპანიები სარეკლამო რგოლებით რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტების მოსასმენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი