ახალი ამბები

სამგორის გამგეობის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

18 აპრილი, 2016 •
სამგორის გამგეობის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, გ. გ. დააკავეს.

გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დაკავებისას ბრალდებული გაქცევას და საგამოძიებო სამსახურის ავტომობილის დაზიანებას ცდილობდა.

“ბრალდებულმა, სამგორის გამგეობის ტერიტორიაზე საკვები ობიექტის განთავსებისა და გამგეობის მხრიდან მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით ყოველთვიურად მოსთხოვა და გადასახადის სახით დაუწესა 300 ლარის გადახდა. ბრალდებულმა წინასწარ გამოართვა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ნაწილი 150 ლარი. დაკავებისას გ.გ. შეეცადა გაქცევას და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დაჯახება/დაზიანებას, რაც თავიდან იქნა აცილებული, დევნის პროცესში მან ა. წუწუნავას ქუჩაზე ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა რკინის ბოძს,”- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მომდინარეობს, რაც გულისხმობს ქრთამის აღებას და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან 9 წლამდე ვადით.

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამაც, სადაც ნათქვამია, რომ რეაგირების გარეშე არ დატოვებენ დანაშაულის ნიშნების შემცველ არც ერთ ფაქტს.

“თბილისის მერია, უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად თანამშრომლობს და ხელს უწყობს გამოძიებას. მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს. ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაბამისი, მკაცრი ზომები გატარდება,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი