ახალი ამბები

პოლიტკოვსკაიას ხსოვნის აღსანიშნავი აქცია

7 ოქტომბერი, 2011 • 1561
პოლიტკოვსკაიას ხსოვნის აღსანიშნავი აქცია
დღეს, 4 საათზე, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. აქციაში,  ჟურნალისტების, გარდა მონაწილეობდნენ სტუდენტები, საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები და ახალგაზრდა რუსი პოლიტიკოსები სა­ხალ­ხო თა­ვი­სუფ­ლე­ბის პარ­ტი­იდან (”პარნასი”),  ასევე მოძრაობა ”სოლიდარობის” წევრები.

ოლეგ პანფილოვი, ჟურნალისტი: “პირველ რიგში ეს დღე ჩემთვის იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ანა ჩემი მეგობარი იყო. მასთან 15– წლიანი მეგობრობა მაკავშირებს. ის იყო მამაცი და გაბედული ჟურნალისტი. მე ვფიქრობ, რომ მისი მკვლელობით რუსულმა ჟურნალისტიკამ დაკარგა ყველაზე პატიოსანი და ობიექტური ჟურნალისტი. რუსეთში ხშირად კლავენ ჟურნალისტებს: ჩვენ ასეთი აქციებით უნდა შევახსენოთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ აუცილებელია ამ დანაშაულის შეჩერება. ჩემი აზრით, ის, რომ პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმე არაა გამოძიებული, არის პუტინისა და კადიროვის ბრალი. ჩვენ ყოველ წელს გავმართავთ ამ აქციას, რათა ეს მკვლელობა გამოიძიონ. “

დავით პაიჭაძე, ჟურნალისტი: “აქ მოვედი იმისთვის, რათა პატივი მივაგო იმ ჟურნალისტის ხსოვნას, რომელმაც ყველაზე დიდი ფასი გადაიხადა თავისი პროფესიული საქმიანობისთვის, თავისი პიროვნული გამბედაობისთვის. ეს არ არის რუსეთში ჟურნალისტის მკვლელობის ერთადერთი შემთხვევა, მაგრამ პოლიტკოვსკაიას მკვლელობა არის ყველაზე ცნობილი და მტკივნეული ფაქტი. პოლიტკოვსკასიას სიკვდილის შემდეგ იმ ტიპის წერილები, რომელსაც პოლიტკოვსკაია წერდა, აღარ იწერება. რადგან წყაროები, რომლებიც ენდობოდნენ ანას, არავის აღარ ენდობიან. ჟურნალსიტიკა გაღარიბდა ამ ადამიანის მკვლელობის შემდეგ.”

მელსი ბაღაკაშვილი, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი: “ამ აქციის მიზანია, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც შეეწირა თავისუფალ სიტყვას, სამართლიანობას. ეს არა მარტო ჩეჩნეთს ეხება, არამედ ყველას, ვინც სიმართლის მხარეს დგას. “

შეგახსენებთ, რომ ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც აქტიურად აშუქებდა ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს, 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვის ცენტრში მოკლული იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი