ახალი ამბები

სარკოზობა 1500-მდე ლაიქით

7 ოქტომბერი, 2011 • 1550
სარკოზობა 1500-მდე ლაიქით
“გილოცავთ სარკოზობას!” დღეს მსგავსი სტატუსებით აჭრელდა “ფეისბუქი”. გარდა თბილისობის დღესასწაულისა, ფეისბუქელები აქტიურად ულოცავენ ერთმანეთს “სარკოზობას”.

“სარკოზობა” – ასეთი სახელით ფეისბუქზე გვერდითც კი შეიქმნა. მას უკვე 1500–მდე “ლაიქი” აქვს. გვერდზე  ძირითადად სახუმარო სტატუსებია: “დღეს ძველი სტილით ვზეიმობთ სარკოზობას თუ ახლით?”, “გილოცავთ სარკოზობის ბრწყინვალე და აღშფრთოვანებულ დღესასწაულს, მრავალს დაესწარით ხალხნო და ჯამაათნო, კარლა ბრუნის კალთა გადაეფარა გაბრწყინებულსა იბერიას!!”.

საფრანგეთის პრეზიდენტის სტუმრობის თემაზე იუმორისტული ტიპის პოსტები დაწერეს ქართულ ბლოგებზეც: “ნიკოლა გაგვთანგე!”, “ევროკავშირის  მადლი შეგეწიოთ! ხვავი და ბარაქა შემოეტანოს თქვენს ოჯახშ ევრო ვალუტას!”

ამ თემას ეხმაურება იუმორისტული მედიაჰოლდინგი “ჩიტიც” და სარკოზის ვიზიტის დეტალებს აღწერს:: ”ნიკოლა სარკოზი ოფიციალურ პირებთან ერთად შუალედში შეხვედრას გამართავს ვინმე ბაირამ სუხიშვილთან და ამარეტა ნალბადიანთან. ვინ არიან ისინი? “ჩიტის” რეპორტიორებმა პირადი კონტაქტების გამოყენებით ამ ორი ადამიანის სრული ბიოგრაფია მოიძია. ბაირამ სუხიშვილი, იგივე “სუხო”, წარსულში არაერთგზის ნასამართლები ე.წ კანონიერი ქურდია.”

სარკოზის ვიზიტისთვის მზადებამ ზოგიერთს 1981 წელს ბრეჟნევის თბილისში სტუმრობა გაახსენა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზი დღეს, 17:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. საფრანგეთის პრეზიდენის გამოსვლაზე დასწრების მსურველები თავისუფლების მოედანზე 2 საათით ადრე უნდა მივიდნენ. იკრძალება ფოტო და ვიდეოკამერების, ადვილად აალებადი ნივთების, ბოთლების, მსხვრევადი და ბასრი საგნების შეტანა.
სარკოზის ვიზიტთან დაკავშირებით სხვადასხვა ქალაქებიდან სპეციალური ავტობუსებით თბილისში ხალხი ჩამოდის. სატელევიზიო რეკლამებით მოწოდება, რომ დაესწრონ პრეზიდენტების სიტყვისთ გამოსვლას, ეთერში რამდენიმე დღეა გადის.

მასალების გადაბეჭდვის წესი