საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის კუთვნილი, დიდი ოდენობით საკვები პროდუქტების მითვისების გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ამავე ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი – მ.ღ.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულს 50 ათასამდე ლარის პროდუქცია ბაღიდან 9 თვის განმავლობაში გაჰქონდა.
“თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ საგამოძიებო სამსახურში გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვიდან 2015 წლის ივლისამდე პერიოდში, თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი – მ.ღ, მისი ზედამხედველობის ქვეშ არსებული ბაგა-ბაღის საწყობიდან სისტემატურად ახდენდა აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქციის უკანონო გატანა-მითვისებას. აღნიშნული გზით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს მიერ ბაგა-ბაღისთვის გამოყოფილი თანხით შეძენილ 48 919 ლარის პროდუქციას,”- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
საქმეზე მიმდიანრეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს სამსაურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ქონების დიდი ოდენობით მითვისებას ან გაფლანგვას. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.